"ქალები სიცოცხლისთვის": უკრაინის ომისთვის მობილიზებული სამხედრო მოსამსახურეების ახლობლების ორგანიზებით მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში აქციები გაიმართა
07/01/2024 08:44:16 მსოფლიო
უკრაინის ომისთვის მობილიზებული სამხედრო მოსამსახურეების ახლობლების ორგანიზებით მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში აქციები გაიმართა. დედაქალაქში მოძრაობა „გზა სახლისკენ“ აქტივისტებმა ჯერ ყვავილებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი, რის შემდეგაც მათ თავდაცვის სამინისტროსთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და უზენაეს სასამართლოსთან აქციები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა Sota-მ გაავრცელა.
მისივე ცნობით, დედაქალაქში საპროტესტო აქციაში 15 აქტივისტი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ არა მხოლოდ ომში მყოფ ქმრებს, არამედ მომავალ მობილიზებულებსაც, თუ ასეთი საჭიროება გაჩნდება.
„იქნება მობილიზაციის მეორე ტალღა და სხვა ცოლები მოვლენ აქ თეთრი თავსაბურავებით და ჩვენ მათ შავებში დავუჭერთ მხარს, ღმერთმა არ ქნას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ანალოგიური შინაარსის აქცია გაიმართა სანქტ-პეტერბურგშიც, სადაც მობილიზებულთა ახლობლებმა მარადიული ცეცხლის მიმდებარე ტერიტორია ყვავილებით შეამკეს. ყვავილებს გარშემო ქონდა ლენტები წარწერით „ქალები სიცოცხლისთვის“.. აქციის მონაწილეები მივიდნენ თეთრი შარფებით, ისეთით, როგორიც არგენტინაში დიქტატურის დროს რეპრესირებულთა ნათესავებს ეკეთათ, აღნიშნავს MR7.
უკრაინაში მებრძოლ მობილიზებულთა ოჯახებმა სექტემბერში მასობრივად დაიწყეს მათი სახლში დაბრუნების მოთხოვნა, შექმნეს პეტიციები და კითხვებით შეუტიეს ოფიციალური პირების გვერდებს სოციალურ ქსელებში. სამხედრო მოსამსახურეების ნათესავები ასევე ცდილობდნენ, აქციების ჩატარებას მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ნოვოსიბირსკში, კრასნოიარსკსა და ჩელიაბინსკში, მაგრამ ხელისუფლებამ "ანტი-კოვიდ" შეზღუდვების მოტივით უარი თქვა ნებართვის დაშვებაზე.
იმავდროულად, კრემლი გუბერნატორებისგან მობილიზებულთა ცოლების გამოსვლების შეწყვეტას ითხოვდა, რამაც შესაძლოა უარყოფითი ფონი შექმნას საპრეზიდენტო არჩევნებამდე. „ამოცანაა ნებისმიერ ფასად შეწყდეს გარე პროტესტი. დაარწმუნე, დაპირდი, გადაიხადე. ნებისმიერი რამ, სანამ ქუჩაში არ გამოვა, ნებისმიერი რაოდენობით, თუნდაც 50 ადამიანი“, - აღნიშნა The Insider-ის წყარომ.


