
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი – გარეჯის საკითხზე: პოზიტივი გვაქვს
29/12/2023 18:31:28 პოლიტიკა, საზოგადოება
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით "პოზიტივი გვაქვს", თუმცა არ აკონკრეტებს, რა იგულისხმება "პოზიტივში".
"გვაქვს პოზიტივი, რომელსაც ახლა ვერ გავაჟღერებ. შესაბამისად, ეს საკითხი აუცილებლად იქნება გადაწყვეტილი ისე, როგორც ნამდვილად შეეფერება სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრობას",– თქვა ელჩმა პარლამენტში ჟურნალისტების კითხვების პასუხად.
მან გაიხსენა მაღალ დონეზე გამართული ეხვედრები:
შარშანწინ, პრეზიდენტი ალიევი იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა აზერბაიჯანში წელს ორჯერ. დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის მთავრობათაშორისი კომისიის ჩატარება ქალაქ ბაქოში გაზაფხულზე. ვფიქრობ, ამ ფორმატებში ჩვენ გვექნება საშუალება, მივიღოთ კონკრეტული შედეგები“.
2020 წლის სექტემბერში საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით.
პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა, 8 ოქტომბერს კი სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და აღძრულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას იმ რუკებს იყენებდნენ, რომელზეც საქართველოს საზღვრები აზერბაიჯანთან არასწორად არის დატანილი, მათ შორის, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთთან.
გარეჯის თემა მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიის ნაწილი გახდა.