
ოპერის გაფიცული თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს
29/12/2023 15:08:40 საზოგადოება
ოპერისა და ბალეტის თეატრის 17 გაფიცული თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს,– ამის შესახებ „მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ წიქარიძე ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის ბადრი მაისურაძის ბრძანებაზე დაყრდნობით იუწყება.
წიქარიძე გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს.
„იმის გათვალისწინებით, რომ გაფიცული პირები გაფიცვიდან 30 დღის შემდეგაც არ აპირებდნენ სამსახურში დაბრუნებას, როდესაც თეატრში მიმდინარეობს აქტიური სეზონი, გასამართია სპექტაკლების პრემიერები და ხელი ეშლება თეატრის ნორმალურ ფუნქციონირებას, თეატრმა 2023 წლის 5 დეკემბრის შემდგომ შრომითი ხელშეკრულებებით სამსახურში მიიღო თანამშრომლები, რომლებიც ამჟამად ასრულებენ იგივე ფუნქციებს, რასაც გაფიცული თანამშრომლები. ამასთანავე, საშტატო განრიგით განსაზღვრული სახელფასო ბიუჯეტი სრულად იქნა მიმართული ახლად აყვანილი თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე.
ამდენად, რადგან თეატრს მოცემული მომენტისათვის, გაფორმებული აქვს შრომითი ხელშეკრულებები პირებთან, რომლებიც ასრულებენ იდენტურ ფუნქციებს, რასაც ასრულებდნენ გაფიცული თანამშრომლები და თეატრს არ ესაჭიროება ერთ პოზიციაზე ორი დასაქმებული პირი და ამასთანავე, აღარც ამის სახელფასო რესურსი გააჩნია, აღნიშნული ობიექტური გარემოების გათვალისწინებით, თეატრმა მიიღო გადაწყვეტილება, გაფიცულ პირებთან, 2023 წლის 28 დეკემბრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“, – აღნიშნულია ბრძანებაში.
ოპერისა და ბალეტის თეატრის გაფიცული თანამშრომლები დავის სასამართლოში გაგრძელებას აპირებენ.
21-დღიანი მედიაციის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილი 3 ნოემბერს გაიფიცა ხელფასების მატების მოთხოვნით. გაფიცვის 53-ე დღეს ოპერის 17-მა თანამშრომელმა პროტესტი შეწყვიტა, თუმცა ისინი სამსახურში არ შეუშვეს.