
ზურაბ აზარაშვილი: ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურად გაზრდით, ხდებოდა ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა, ადამიანები თვეების განმავლობაში რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე
29/12/2023 12:22:16 პოლიტიკა, საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი კონკურენციის საგენტოს მიერ დაჯარიმებულ ფარმაცევტულ კომპანიებზე ამბობს, რომ ისინი „მიზანმიმართულად, ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყველაზე უფრო მძიმე პაციენტების მიმართ ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ”.
მისივე თქმით, კომპანიები ცალსახად იყვნენ გარიგებული.
„დადასტურდა, რომ ეს კომპანიები მიზანმიმართულად, ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, თან ყველაზე უფრო მძიმე პაციენტების მიმართ ძალიან ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ; ცდილობდნენ მედიკამენტებზე ფასის გაზრდას. ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები 3-4-ჯერ გაიზარდა და ამის საფუძველზე ხდებოდა მათი ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა და ეს ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე თვეების განმავლობაში, რაზეც სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა“. – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მისივე თქმით, ფარმაცევტულ კომპანიებს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ არგუმენტების წარმოსადგენად:
"ბრალდება არის ძალიან მძიმე. ფარმაცევტულ კომპანიებს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ არგუმენტების წარმოსადგენად. მასალებით დასტურდება, რომ კომპანიები ცალსახად იყვნენ გარიგებული კონკრეტულ მედიკამენტებზე. მედიკამენტი ათასობით ლარი როცა ღირს, თეორიულადაც კი მინიმალურია იმის ალბათობა, რომ ერთი თეთრის სიზუსტით, ოთხმა კომპანიამ ერთი და იგივე ფასი შესთავაზოს სახელმწიფოს. ეს იყო წინასწარგანზრახული, მიზანმიმართული, რომ ხელოვნურად გაზრდილი ფასით მომხდარიყო სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება და მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. იცით, რომ წლიური ლიმიტი გვაქვს ონკოლოგიურ მედიკამენტებზე. სამწუხაროდ, სწორედ იმ ლიმიტიდან ხდებოდა თანხების გახარჯვა. შესაბამისად, ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე".
კონკურენციის სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით შეთანხმებული ქმედების გამო ჯამში, 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა.
ამავე თემაზე: ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რატომ დაააჯარიმეს „პსპ ფარმა“, „ავერსი“ „ფარმადეპო“ „ჯიპისი“ და „მერმისი“.