
გაგლოევი – ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან მიერთებაზე: „არ არის საჭირო ხალხის მოტყუება, ამჟამად საკითხის გადაჭრის შესაძლებლობა არაა"
28/12/2023 13:45:59 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალში გამართულ შემაჯამებელ პრეს–კონფერენციაზე, მათ შორის რეგიონის რუსეთთან მიერთების საკითხზე ისაუბრა.
"ეს თემა რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობის დროს კვლავ დღის წესრიგშია, თუმცა არ არის საჭირო ხალხის მოტყუება, რადგან ამჟამად საკითხის გადაჭრის შესაძლებლობა არ არის", – განაცხადა, "რადიო თავისუფლების" ცნობით, გაგლოევმა.
გაგლოევმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრაზე უთხრა, „ოსები მოღალატეები არ არიან“, ხოლო პასუხად პუტინისგან, მისი თქმით, მიიღო: „ვიცი“.
„ეს ჩვენთვის ძალიან ღირებულია. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩიც ჩვეულებრივი ადამიანია - რამდენადაც რთული, იმდენად უბრალო“, – დასძინა გაგლოევმა.
ამასთან მან ოკუირებულ რეგიონში დრონების ადგილობრივი წარმოება დააანონსა:
„ჩვენ დავამყარეთ ურთიერთობა რუს კოლეგებთან და სპეციალისტების პირველი ჯგუფი რუსეთის ტერიტორიაზე ამთავრებს დრონების მართვისა და აწყობის კურსებს. სამხრეთ ოსეთში დაბრუნების შემდეგ, ისინი შეძლებენ უპილოტო საფრენ აპარატებთან მუშაობის სწავლებას“.
გაგლოევი ამბობს, რომ მოსკოვი და დე ფაქტო ხელისუფლება ყველა აუცილებელ ზომას იღებენ, ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე დრონების მოძრაობის გასაკონტროლებლად.