
სემეკმა თბილისსა და რეგიონებში დენის ტარიფი 3 თეთრით შეამცირა
28/12/2023 09:43:14 ეკონომიკა
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის და საქართველოს რეგიონებისთვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა. სიახლე ყველა კატეგორიის მომხმარებელს, ასევე კომერციულ აბონენტებს შეეხება.
თბილისში 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით, დენის საყოფაცხოვრებო ტარიფი იქნება 15 თეთრი, 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის - 19 თეთრი, აბონენტებისთვის, რომლებიც 301 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი 23.5 თეთრი იქნება.
რეგიონებში მათთვის ვინც 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი 17.7 თეთრიდან 14.7 თეთრამდე მცირდება, 101-301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის ტარიფი 21.7 თეთრიდან 18.7 თეთრამდე დაიკლებს, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 26.2 თეთრიდან 23.2 თეთრამდე შემცირდება.
ახალი ტარიფი 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და ძალაში 6 თვის ვადით დარჩება.