Accentnews.ge
რუსი პოლიტიკოსები აფხაზების პროტესტში "გარე ძალებს" ხედავენ

რუსი პოლიტიკოსები აფხაზების პროტესტში "გარე ძალებს" ხედავენ

28/12/2023 09:03:05 კონფლიქტები

ბიჭვინთის აგარაკის გამო აფხაზეთში აგორებულ პროტესტს "გარედან ხელოვნურად წახალისებული" უწოდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა.

„ეს არის ძველი, სტალინური სახელმწიფო აგარაკია. <...> რუსეთსა და აფხაზეთს შორის მთავრობათაშორისი ხელშეკრულება გაფორმდა, ჩვენ არ გვჭირდება რატიფიცირება, მაგრამ ისინი აკეთებენ. სხვა დანარჩენი არის ის, რასაც ე.წ. მეგობრები აორგანიზებენ. არიან ახლომდებარე ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამით“, - განაცხადა კარასინმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან თემის კომენტირებისას.

სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ანასტასია უდალცოვამ განაცხადა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთქმედების ტექნიკური ასპექტების გამოყენების მცდელობები შეიძლება იყოს "გარე ჩარევის შედეგი". მან დასძინა, რომ ორივე "ქვეყნის მოქალაქეებისთვის" უმთავრესია, „შეინარჩუნონ საღი აზრი და არ დაემორჩილონ რაიმე პროვოკაციას, იხელმძღვანელონ მხოლოდ გადამოწმებული ოფიციალური ინფორმაციით“.

”დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოები დამაჯერებლად აკონტროლებენ რესპუბლიკის შიდა პროცესებს. ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ, დახმარებისთვის მიმართონ რუს კოლეგებს,” - განაცხადა მან.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინე ზატულინი ამბობს, რომ „რუსეთს არ განუცხადების პრეტენზია აფხაზეთის მიწების რუსეთის ტერიტორიაზე გატანაზე ან აფხაზეთისთვის ნაწილის მოწყვეტაზე“.

„ეს თავიდანვე კონიუნქტურული, ყალბი, მაგრამ უბრალო ხალხისთვის შემაშფოთებელი ბრალდებები იყო. ბრალდებები, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდებოდა რუსეთ-აფხაზურ ურთიერთობებს, მაგრამ უკავშირდებოდა გაუთავებელ შიდაპოლიტიკურ ბრძოლას, რომელიც მიმდინარეობს აფხაზეთში და მივყავართ იქამდე, რომ ერთი ან მეორე პრეზიდენტი იძულებული ხდება, ვადამდე დატოვოს თანამდებობა ბრბოს გავლენით. მას შემდეგ რაც ეს ამბავი ვიღაცისთვის პრინციპული გახდა, რატიფიკაციის პროცესი შენელდა, გადაწყვიტეს მოლაპარაკება და ამ მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ, როგორც მე მესმის, შეთანხმებას მიაღწიეს. ჩვენ არ ვსაუბრობთ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის პრეტენზიაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ცნობილი ფაქტის გადამოწმებაზე, რომ პიცუნდაში სახელმწიფო აგარაკის შენობა–ნაგებობები, პირველ რიგში, აშენდა კავშირის დროს, კავშირის ბიუჯეტის ხარჯზე, მეორე – მას ექსკლუზიურად რუსეთი იყენებდა. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ ყველაფერმა საბოლოოდ მიიღოს თავისი სამართლებრივი სახე აფხაზეთის შიდა კანონმდებლობაში“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ „აფხაზეთს ნამდვილად სჭირდება რუსეთის მხარდაჭერა".

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ "შეთანხმების პროექტით", 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. იმის გამო, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგი იყო, ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადასაცემი შეთანხმების "რატიფიცირებას" ერთ წელზე მეტი დასჭირდა – ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 27 დეკემბერს, დილის 6 საათზე მოახდინა ამ შეთანხმების "რატიფიცირება". გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეები აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ საპროტესტოდ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S