მედია: პუტინმა სი ძინპინს განუცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მინიმუმ, 5 წელი იბრძოლებს
28/12/2023 08:59:50 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს განუცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ მინიმუმ, ხუთი წლის განმავლობაში იომებს, - იუწყება Nikkei Asia.
გამოცემის ცნობით, შესაბამისი განცხადება პუტინმა მარტში სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტისას გააკეთა.
Nikkei Asia წერს, რომ "ხუთწლიანი ომის" შესახებ პუტინის სიტყვების შემდეგ, ჩინეთმა საკუთარ სტრატეგიას გადახედა.
"თუ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი უფრო გახანგრძლივდება, ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს სი ძიპინის გეგმებსა და ამბიციებზე, იყოს ჩინეთის პრეზიდენტი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის უპრეცედენტო – მესამე ვადით. ამ ყოველივემ შეიძლება გავლენა იქონიოს სი ძიპინის მთავარ მიზანზე – დაიპყროს ტაივანი", – წერს გამოცემა.
Nikkei Asia წერს, რომ "პუტინის განცხადების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების მზადყოფნის სიგნალების შესახებ ცნობების დაუფიქრებლად მიღება არ უნდა მოხდეს".
„პუტინს შეიძლება, უბრალოდ სურდეს, მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შექმნას ილუზია, რომ ის მიიწევს ცეცხლის შეწყვეტისკენ ან მშვიდობისკენ, რადგან თვლის, რომ ასეთი ატმოსფერო მის სასარგებლოდ იმოქმედებს კენჭისყრის დროს“, - წერს გამოცემა.


