კამიშინი: უკრაინამ აშშ–სთან ერთად შექმნა საჰაერო თავდაცვის ჰიბრიდული სისტემა
27/12/2023 19:21:22 მსოფლიო
უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ალექსანდრე კამიშინმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დასავლელ პარტნიორებთან ერთად განაახლა საბჭოთა ტექნიკა.
„ისტორია, რომელსაც FrankenSAM ჰქვია, არის ჩვენი პროდუქტიული თანამშრომლობა ამერიკელ პარტნიორებთან: ავიღეთ ჩვენი საბჭოთა სისტემები, დასავლელ პარტნიორებთან ერთად მოვახდინეთ მათი დასავლურ რაკეტებთან, დასავლურ გამშვებებთან ინტეგრირება და მივიღეთ ახალი ჰიბრიდული საჰაერო თავდაცვის სისტემა," - თქვა მან.
კამიშინმა დასძინა, რომ შეერთებულ შტატებში ბოლო საქმიანი ვიზიტის დროს უკრაინულმა დელეგაციამ იხილა სისტემები, რომლებიც ერთობლივად შემუშავდა უკრაინული და ამერიკული კომპანიების მიერ და ისინი დღეს უკვე ფრონტის ხაზზე მუშაობენ.
„ნებისმიერი საჰაერო თავდაცვის სისტემის განვითარებას დამატებით ხუთი წელი სჭირდება. ჩვენ არ ველოდებით ამ ხუთ წელს, ჩვენ ვავითარებთ ჩვენს სისტემებს, რომლებიც არის დიდი,, რთული, ძვირი, გრძელი, მაგრამ ამავე დროს ვავითარებთ იმას, რასაც ჰიბრიდულ საჰაერო თავდაცვას ვუწოდებთ. ეს სწრაფი გადაწყვეტილებაა, რომელიც შედეგს გვაძლევს უკვე ამ ზამთარში. FrankenSAM პროექტის პორტფოლიოს პირველი გადაწყვეტილებები უკვე მუშაობს ბრძოლის ველზე“, - დასძინა მინისტრმა.
მისივე თქმით, უკრაინამ დაიწყო 155 მმ კალიბრის ჭურვების შემუშავება და მომავალ წელს გეგმავენ მასობრივი წარმოების დაწყებას. თუმცა თქვა ისიც, რომ უკრაინას არ აქვს ასეთი იარაღის დასამზადებლად საჭირო დენთი, ამიტომ სახელმწიფო ამ კუთხით პარტნიორებზეა დამოკიდებული.
კამიშინმა ასევე თქვა, რომ 2023 წელს შესაძლებელი გახდა ნაღმტყორცნების წარმოების 42-ჯერ გაზრდა, მაგრამ რაოდენობა არ დაუზუსტებია.
ამასთან, მან "შაჰედის" დრონების ანალოგების მასობრივი წარმოების დაწყების შესახებ განაცხადა.


