მედია: გერმანიიდან იარაღის ექსპორტი რეკორდს ხსნის
27/12/2023 11:00:50 მსოფლიო
2023 წელს გერმანიის მთავრობამ გასცა 40%–ით მეტი ნებართვა იარაღის ექსპორტზე, ვიდრე წინა წელს, რაც 11,7 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გერმანიის ისტორიაში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო dpa ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისი კითხვით უწყებას ბუნდესტაგის წევრმა სარა ვაგენკნეხტ სევიმ მიმართა.
ამ ინფორმაციის თანახმად, წინა რეკორდს, რომელიც 2021 წელს დამყარდა – 9,35 მილიარდი ევრო - 25%–ით გადააჭარბა დეკემბრის შუა რიცხვების მონაცემებმა.
დოკუმენტში წარმოდგენილი მონაცემები ეხება 2023 წლის 1 იანვრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს, რა დროსაც სამთავრობო კოალიციამ დაამტკიცა 6,15 მილიარდი ევროს იარაღის და 5,67 მილიარდი ევროს ღირებულების სხვა სამხედრო პროდუქციის ექსპორტი. მთლიანი თანხის თითქმის 90% გამიზნული იყო ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებისთვის, უკრაინისა და სხვა მოკავშირეებისთვის, როგორიცაა იაპონია, ავსტრალია და სამხრეთ კორეა.
დამტკიცებული ექსპორტის მესამედზე მეტი - 4,15 მილიარდი ევრო - უნდა დაეხმაროს უკრაინას თავდაცვით ომში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ.
ე.წ. მესამე ქვეყნებისთვის, როგორიცაა ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები ან საუდის არაბეთი, გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა 1,76 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ექსპორტი.


