FT: ევროკავშირი უნგრეთის თანხმობის გვერდის ავლით კიევის ფინანსური დახმარების გეგმას ამზადებს
27/12/2023 08:18:48 მსოფლიო
ევროკავშირი მუშაობს უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს გამოყოფის გეგმაზე უნგრეთის ვეტოს გვერდის ავლით, თუ ბუდაპეშტთან შეთანხმება ვერ მიიღწევა. ამის შესახებ Financial Times წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ევროკავშირის მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნები საერთო ბიუჯეტის წინაშე ფინანსურ გარანტიებს საკუთარ თავზე აიღებენ. ეს საშუალებას მისცემს ევროკომისიას, აიღოს საჭირო თანხა კაპიტალის ბაზრებზე უკრაინის დასახმარებლად.
ასეთი სქემა არ საჭიროებს ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობას, განსხვავებით ევროკავშირის ბიუჯეტიდან თანხის აღებისა, რასაც უნგრეთი ეწინააღმდეგება. ამავდროულად, ზოგიერთ ქვეყანას სჭირდება პარლამენტის თანხმობა გარანტიების აღებაზე. ევროკავშირი ამ პროცედურების დასრულებას მარტისთვის გეგმავს.
როგორც კიდევ ერთი ვარიანტს, ევროკავშირის ხელისუფლება განიხილავს უკრაინისთვის იაფ მოკლევადიან სესხებს. ამ სქემით უკრაინამ 2023 წელს უკვე მიიღო 18 მილიარდი ევრო. მაგრამ ეს ვარიანტი მოითხოვს ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობის თანხმობას, აღნიშნავს გამოცემა.
ევროკავშირის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან უკრაინისთვის ახალი ტრანშის – დაახლოებით 900 მილიონი დოლარის ოდენობის – გამოყოფა , წერს Financial Times. ეს კიევს საშუალებას მისცემს, არ დაბეჭდოს ფული ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად.
14 დეკემბერს უნგრეთმა ევროკავშირის სამიტზე კვლავ დაბლოკა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკური დახმარების გამოყოფა. ევროკავშირი გეგმავს, საკითხს 1 თებერვალს რიგგარეშე სამიტზე დაუბრუნდეს.


