Accentnews.ge
Reuters: "ჰამასი" სამშვიდობო გეგმის სანაცვლოდ ღაზაში ძალაუფლების დათმობაზე უარს ამბობს

Reuters: "ჰამასი" სამშვიდობო გეგმის სანაცვლოდ ღაზაში ძალაუფლების დათმობაზე უარს ამბობს

25/12/2023 20:29:36 მსოფლიო

"ჰამასმა" და "ისლამურმა ჯიჰადმა", რომლებიც შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ჯგუფებად არიან აღიარებულები, უარყვეს ეგვიპტის შეთავაზება, მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ღაზას სექტორში ძალაუფლების დათმობის თაობაზე. ამის შესახებ Reuters ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, ეგვიპტემ, ერთ-ერთმა შუამავალმა ისრაელსა და "ჰამასს" შორის მოლაპარაკებებში, შესთავაზა არჩევნების ჩატარება და დაარწმუნა "ჰამასი", რომ მისი წევრები დევნას და დასჯას არ დაექვემდებარებოდნენ. ჯგუფის წარმომადგენლებმა კაიროში მოლაპარაკებებზე უარყვეს ნებისმიერი დათმობა, გარდა 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში დატყვევებული ადამიანების ექსტრადიციისა ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, ირწმუნება Reuters.

ჯიჰადისტების წარმომადგენლებმა სააგენტოსთან საუბარში განაცხადეს, რომ ისინი დაჟინებით მოითხოვენ ჰუმანიტარული დახმარების მოცულობის გაზრდას ღაზას მთელი მოსახლეობისთვის.

გარდა ამისა, "ისლამური ჯიჰადი", თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ პატიმრების გაცვლა უნდა მოხდეს „ყველა ყველაზე“ ფორმულის მიხედვით, რაც გულისხმობს ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას ისრაელის ციხეებიდან ყველა პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ. ბოლო მონაცემებით, 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე თავდასხმის დროს ტყვედ აყვანილი 130-მდე ადამიანი რჩება ღაზას სექტორში.

ეგვიპტურმა ტელეარხმა Al-Sharq-მა წყაროებზე დაყრდნობით გაამხილა ომის დასრულების გეგმის ზოგიერთი დეტალი, რომელიც კაირომ შესთავაზა ისრაელსა და "ჰამასს": პირველ ეტაპზე სამკვირიანი ჰუმანიტარული ზავია მოსალოდნელი. ამ დროის განმავლობაში პალესტინურმა დაჯგუფებამ უნდა გაათავისუფლოს 40 ტყვე – ქალები, ბავშვები და მოხუცები, ხოლო ისრაელმა უნდა გაათავისუფლოს იმავე კატეგორიის 120 პალესტინელი პატიმარი და გაგზავნოს საწვავი და ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში.

მეორე ეტაპზე ღაზაში უნდა ჩამოყალიბდეს მთავრობა, რომელიც აღადგენს სექტორს და დაიწყებს მზადებას პალესტინის ხელისუფლების ხელმძღვანელის საყოველთაო არჩევნებისთვის.

მესამე ეტაპი ითვალისწინებს ცეცხლის სრულ შეწყვეტას, ისრაელის ყველა დატყვევებული ჯარისკაცის გათავისუფლებას გარკვეული რაოდენობის პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ. ამ ეტაპზე, IDF-მა უნდა დატოვოს სექტორი და ლტოლვილები უნდა დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ღაზას სექტორს 25 დეკემბერს ეწვია. პრემიერ-მინისტრის თქმით, ის შეხვდა სამხედროებს და დაარწმუნა, რომ ისრაელი გააგრძელებს ოპერაციას "ჰამასის" წინააღმდეგ, სანამ ჯგუფი არ განადგურდება. ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ სამხედრო მოქმედებები გაფართოვდება.

ღაზას სექტორში მიმდინარე ომის ფონზე, მედია იტყობინება ისრაელის თავდასხმის შესახებ დამასკოს გარეუბანზე, რა დროსაც ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის უფროსი ოფიცერი საიედა მუსავი დაიღუპა. როგორც ირანული სააგენტო Tasnim აღნიშნავს, ის იყო ირანელი გენერალ ქასემ სოლეიმანის მოკავშირე, რომელიც 2020 წელს ერაყში აშშ-ის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. გვარდიის კორპუსი გენერლის სიკვდილისთვის ისრაელს შურისძიებით დაემუქრა.

სირიის დედაქალაქის გარეუბანში განხორციელებულ თავდასხმაზე ისრაელის მხარე კომენტარს არ აკეთებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S