
ვეტერინარი – ნაწამებ ძაღლზე: ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
25/12/2023 17:56:25 საზოგადოება
ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან თბილისში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაყვანილ ძაღლს ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარდა. მას თავის ტრეპანაცია დასჭირდა. ვეტექიმი ამბობს, რომ ტრავმა ბლაგვი საგნით არის მიყენებული და გამოირიცხა ძლიერად დაცემის ვერსია.
რაც შეეხება ცხოველის ამჟამინდელ მდგომარეობას, ვეტექიმის თქმით, ის შეესაბამება ჩატარებული ოპერაციის სირთულეს.
"ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. სტაბილურად მძიმეა. ჰემატომა მოვაშორეთ თავის ტვინიდან და ახლა დაკვირვების ქვეშაა",– ამბობს ვეტექიმი ოთარ მენაბდე.
მისივე თქმით, ტვინის ნაწილი დაზიანებულია, თუმცა აისახება თუ არა ფუნქციონალზე, ჯერ პროგნოზის გაკეთება რთულია.
24 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელიც ასახავდა ძალადობის მსხვერპლი ძალის მძიმე დაზიანებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი პატიმრობას ითვალისწინებს.