
ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის დედა შვილის გარდაცვალების მიზეზების შესწავლას მოითხოვს
25/12/2023 15:02:31 საზოგადოება
ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის დედა მაგული ჩხობაძე შვილის გარდაცვალების მიზეზების შესწავლას მოითხოვს.
ქალმა ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიმართა, შეისწავლოს კლინიკის მიერ ჩატარებული ოპერაციისა და პოსტოპერაციული პროცესის წარმართვის მართებულობა და თუ რამდენად სწორად მიეწოდა დიაგნოზი თურქულ კლინიკას, სადაც ქეთი ბერძენიშვილი მოთავსებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ჩხობაძე ეჭვობს, რომ ლეტალური შედეგი არასწორი ქირურგიული ოპერაციის, პოსტოპერაციული მართვისა და ჰოსპიტალური ინფექციის გამო დადგა.
მისი თქმით, ჯერ არ არის ექსპერტიზის დასკვნა და სისხლის სამართლის საქმეს ვერ აღიძვრება და ამიტომ მიმართავს რეგულირების სამმართველოს, შეისწავლოს საკითხი, "თუ შეიძლება ასეთი მოპყრობა, ასეთი დამოკიდებულება!":
"6 თვე (მაისიდან ნოემბრამდე) მე ვიყავი ყველა პროცესის მომსწრე და ერთად გავიარეთ ყველაფერი“.
ოჯახის ადვოკატების თქმით, ყველა კვლევა და დიაგნოზი ადასტურებს, რომ გარდაცვალების მიზეზი იყო არა სიმსივნე, არამედ ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ განვითარებული სეფსისი:
„2019 წელს ქეთი ბერძენიშვილს დაუდგინდა ღვიძლის სადინარის კიბო და საფრანგეთში განხორციელებული ოპერაციის და მკურნალობის გავლის შემდეგ განიკურნა. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ გარდაცვალების მიზეზს არ წარმოადგენს სიმსივნე, არამედ მიზეზი იყო ოპერაციის შემდგომი ჩირქოვანი პროცესების განვითარება, რაც, სავარაუდოდ, ჩატარებულმა ოპერაციამ და მკურნალობამ განაპირობა. ამიტომ ოჯახის მთავარი კითხვები ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას, სათანადო სამედიცინო მკურნალობას და პაციენტის მიმართ საჭირო ყურადღებას ეხება, უშუალოდ რამ განაპირობა სეფსისი, რაც დადასტურდა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში. ოჯახი თვლის, რომ ქეთის არ გაუწიეს სათანადო ყურადღება ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“.
ჯანდაცვის სამინისტროში განახადეს, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ განცხადების საფუძველზე საკითხის შესწავლა დაიწყო. ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ამბობენ, რომ ობიექტური რეალობის დასადგენად კლინიკა ითანამშრომლებს შესაბამის ორგანოებთან.