
ნინო ქათამაძე: წელსაც გადაწყვიტეს, რომ უნდა ვყოფილიყავი "ჩუმად"
25/12/2023 07:00:37 საზოგადოება
ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე, რომელიც აქტიურად აფიქსირებს საკუთარ მოქალაქეობრივ პოზიციებს ამა თუ იმ მოვლენებთან დაკავშირებით და არ ერიდება ხელისუფლების კრიტიკას, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
მომღერალი ამბობს, რომ ამ ახალ წელსაც ვერ გამართავს კონცერტებს საქართველოს ვერც ერთ ქალაქში.
„ამ წელსაც გადაწყვიტეს, რომ მთელი წელი უნდა ვყოფილიყავი "ჩუმად" ანუ სიმღერის-კონცერტების გარეშე, იბრძოლეს ყველგან და ყველასთან, სადაც შეეძლოთ…(ვინ? ..იმედი მაქვს ხვდებით). და ამ ახალ წელსაც ვერ შევძლებ თქვენთან ერთად ყოფნას, რადგან აქაც არ დაიშურეს ძალები. სამწუხაროდ ვერც ერთ ქალაქში ვერ შევხდებით, განსაკუთრებულად მტკივა ჩემი ბათუმი“, - წერს ნინო ქათამაძე.
ქათამაძე არ აზუსტებს გადაწყვეტილების მიმღებს, თუმცა მოქალაქეებს ჰპირდება, რომ ამ დღეებში აუცილებლად ჩაერთვება მათ, „რადგან ვთვლი რომ უნდა იცოდეთ დეტალები, სანამ კიდევ რამე "მომაწერეს და დამაბრალეს“.