პრეზიდენტი: ვწუხვარ პრაღის ცენტრში მომხდარის გამო, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს
21/12/2023 18:07:25 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთში, პრაღაში მომხდარ სროლას ეხმიანება.
"ვწუხვარ პრაღის ცენტრში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევისა და მასობრივი სროლის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულია 15–ზე მეტი ადამიანი და დაჭრილია 24 პირი. ამის შესახებ ჩეხეთის პოლიციის უფროსმა მარტინ ვონდრაშეკმა განაცხადა.
მისი თქმით, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.
როგორც მან განაცხადა, თავდასხმა 24 წლის კაცმა განახორციელა, რომელიც ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. იგი ლიკვიდირებულია.
რაც შეეხება თავდასხმის მოტივს, პოლიციის უფროსის თქმით, "დამნაშავე უცხოეთში მსგავსი სროლებით იყო შთაგონებული".
ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ვიტ რაკუშანის განცხადებით, მომხდარს საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირი არ აქვს.
ჩეხეთში საქართველოს საელჩო აცხადებს, რომ პრაღის უნივერსიტეტთან სროლის შედეგად დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
მისივე ცნობით, საელჩოში ამოქმედდა "ცხელი ხაზი".
"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! დღეს, ქ. პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24 საათიან რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს საელჩოს "ცხელი ხაზი": +420 777 222 053, საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ აღნიშნულ ნომერზე!
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებს და დაშავებულებს შორის. საელჩო აქტიურ რეჟიმში ხაზზე რჩება ჩეხეთის ყველა შესაბამის სამსახურთან", – ნათქვამია დიპლომატიურ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადგილი, სადაც თავდასხმა მოხდა, მცირე მანძლით არის დაშორებული პრაღის ძველი ქალაქიდან და პრაღის სასახლიდან.
მომხდარი თავდასხმის გამო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ოლომოუცში, შეწყვიტა შეხვედრები და პრაღაში ბრუნდება. მან მოუწოდა მოქალაქეებს, რომ დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის ინსტრუქციებს.
მომხდარის გამო ჩეხეთს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა მიუსამძიმრეს.


