Accentnews.ge
"არ ვიცი, რა გავაკეთო": საქართველო–რუსეთის საზღვარზე უკრაინელების ჯგუფია ჩარჩენილი

"არ ვიცი, რა გავაკეთო": საქართველო–რუსეთის საზღვარზე უკრაინელების ჯგუფია ჩარჩენილი

21/12/2023 12:48:44 საზოგადოება

უკრაინის 20-მდე მოქალაქე, საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთას ვერ ახერხებს. მათი უმეტესობა ყოფილი პატიმარია , ორი რუსეთში ცხოვრობდა. ისინი ბუფებულ ზონაში იმყოფებიან,– იუწყება "ეხო კავკაზა".

გამოცემას უკრაინის მოქალაქე ანდრეი სუჟკომ უამბო, რომ ისინი საზღვარზე უკვე სამი კვირაა იმყოფებიან.

"უკრაინაში მინდა მოვხვდე, ცუდად ვარ, კუჭის წყლული მაწუხებს, სასწრაფო გამოვიძახე და მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლით შემოიფარგლა, მკურნალობა მჭირდება, რა გავაკეთო არ ვიცი", - ამბობს სუჟკო.

მისი თქმით, საზღვართან მყოფებს შორის ერთი ტუბერკულოზითაა ავად. მათ იატაკზე სძინავთ.

"ყველანი ერთად ვართ სარდაფში, ყველანაირი პირობების გარეშე, არიან ისეთებიც, ვინც აქ თვეზე მეტია იმყოფება", - თქვა მან.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც უკრაინელი ყოფილი პატიმრები "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტთან ბუფერულ ზონაში რჩებიან. მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა აგვისტოში რუსეთიდან დეპორტირებული 6 უკრაინელი, ისინი საქართველოში 11 დღის შემდეგ შემოუშვეს. ოქტომბერში ნეიტრალურ ზონაში ყოფნა მოუხდა შვიდ კაცს. ნოემბრის ბოლოს უკრაინელების დახმარების ფონდმა Volunteers Tbilisi-მ გაავრცელა ინფორმაცია 16 ყოფილი პატიმრის შესახებ, რომლებიც საქართველოში შეშვების ნებართვას ელოდნენ.

"უკანასკნელად სწორედ ნოემბრის ბოლოს შეუშვეს", - ამბობს ანდრეი სუჟკო. მისი თქმით, მოელიან რომ საზღვართან უკრაინიდან და ვოლგოგრადიდან მოქალაქეთა კიდევ ერთი ჯგუფი მივა.

საქართველოს საზღვართან მყოფმა ვადიმ ლევჩენკომ გამოცემა Paper Kartuli-ს მოუყვა, რომ უკვე თვეზე მეტია იქაა:

"2014 წელს რუსეთის მოქალაქეობაზე უარი ვთქვი, ყირიმში უკრაინის მოქალაქეობა შევინარჩუნე, რუსეთის ხელისუფლებამ მოქალაქეობაზე უარის, უკრაინის გერბის გამოსახულებიანი სვირინგისა და ჩემო სამოქალაქო პოზიციის გამო ხანგრძლივი დევნის შემდეგ უკრაინაში დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ უკრაინის საკონსულო რატომღაც ჩემს პირად მონაცემებს არ ადასტურებს".

ქართულ მხარეს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S