
კვლევა: როგორ ექცევიან საქართველოში ხანდაზმულებს
21/12/2023 12:34:54 საზოგადოება
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჩაატარა კვლევა, ძალადობის პრევენცია საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავდა ძალადობის შესახებ ხანდაზმულების, განსაკუთრებით ხანდაზმული ქალების ცნობიერების დონის შესწავლას.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცნობით, კვლევამ ცხადყო, რომ ცნობიერების დონე ძალადობის ნიშნებისა და ხანდაზმულთა უფლებების შესახებ დაბალია ყველა თაობაში. შესაბამისად, გარკვეულ შემთხვევებში არ ხდება ძალადობის ნიშნების გამოვლენა, ხანდაზმული პირები ძალადობას შემთხვევებში ხშირად არ მიმართავენ შესაბამის სამსახურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყურადღების მიღმა რჩება გარკვეული შემთხვევები.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, განსაკუთრებით საყურადღებოა ფსიქოლოგიური ძალადობისა და ფინანსური ექსპლუატაციის შემთხვევები, რომლებიც კვლევის შედეგების მიხედვით, ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელსაც ხანდაზმული ადამიანები განიცდიან საკუთარ სახლებში.
"საინტერესო მიგნებაა, რომ ხანდაზმულებს აქვთ სტერეოტიპული მოსაზრებები ასაკთან და გენდერულ როლებთან დაკავშირებით, რაც ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, ასოცირდებოდეს ძალადობის მომატებულ რისკთან",– აღნიშნავს ორგანიზაცია.
როგორც განიმარტა, კვლევისთვის შემუშავდა შერეული მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავდა მეორადი მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს (სამაგიდო კვლევა) და თვისობრივ კვლევას (დაინტერესებული მხარეების გამოკითხვა და ფოკუს ჯგუფების შეხვედრები).