
ზურაბიშვილი – ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე: „ეს ჩვენი მიწებია"
21/12/2023 08:19:30 კონფლიქტები, პოლიტიკა
ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას არალეგიტიმური ნაბიჯი უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მას ამის შესახებ ჟურნალისტებმა ზუგდიდში ვიზიტისას ჰკითხეს.
„ეს გადაწყვეტილება, როგორც ყველა სხვა, რომელიც ეხება აეროპორტს, ოჩამჩირეს, ეს ყველაფერი არის არალეგიტიმური, არალეგალური და ეს არის ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი მიწები, ჩვენი აეროპორტი, ჩვენი პორტი, ყველასი ერთად. ამიტომ ეს არის ჩვენი დასაცავი და ჩვენი დაცვა არის საერთაშორისო არენაზე. იქ ყოველდღიურად, ყოველთვის გავაპროტესტოთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
იგეგმება ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის და მის გარშემო მდებარე 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადაცემა. შესაბამისი "შეთანხმება" რუსეთმა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობამ 2022 წლის იანვარში მოსკოვში გააფორმეს.
იუწყებიან, რომ შეთანხმების რატიფიცირებას დე ფაქტო პარლამენტი 28 დეკემბერს აპირებს.