
წამლების სია, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა
20/12/2023 16:51:34 საზოგადოება
წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა.ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზეა განსაზღვრული. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მისი ცნობით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, იმ წამლებზეც გავრცელდა, როლებზეც ფარმაცევტულ ქსელებს ჭარბი ფასნამატი ჰქონდათ განსაზღვრული და იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-ით ძვირად ყიდდნენ.
"რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებელ, ფსიქოტროპულ, ანტივირუსულ დაანტიჰელმინთურ წამლებზე მოქმედებს.
წამლების ჩამონათვალი რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს ეტაპობრივად გაფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე, აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება.
რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. რეფორმა ფარმაცევტული პროდუქტის ფასებს საშუალოდ, 40%-ით ამცირებს.
მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული: https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/main ", – ნათქვამია ინფორმაციაში.