
სეს: კახეთის გზატკეცილზე, სადაც ცოფის შემთხვევა აღინიშნა, ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი მიმდინარეობს
20/12/2023 12:31:15 საზოგადოება
კახეთის გზატკეცილზე, ადგილზე სადაც ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სეს-ის ინფორმაციით, საკარანტინო ღონისძიებები თბილისის მერიის მონიტორინგის სააგენტოსთან ერთად ხორციელდება.
"კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ, სადაც ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა აღინიშნა, სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის მერიის მონიტორინგის სააგენტოსთან ერთად, საკარანტინო ღონისძიებებს ახორციელებს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკარანტინო ზონაში მიმდინარეობს ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ბავშვის დაკაწვრის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოში 18 დეკემბერს შევიდა. შემტყობინებელი აცხადებდა, რომ მოკვდა ძაღლი, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე ბავშვი დაკაწრა. ის ითხოვდა, ჩასტარებოდა მიუსაფარ ძაღლს ლაბორატორიული კვლევა. კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლი ცოფით იყო დაავადებული. სეს–მა მოზარდზე ძებნა გამოაცხადა, ვინაიდან ის აცრას საჭიროებდა.