ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა აბრამოვიჩის მოთხოვნა ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით
20/12/2023 11:03:34 მსოფლიო
ლუქსემბურგში ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუსი მულტიმილიარდერი ბიზნესმენის რომან აბრამოვიჩის საჩივარი ევროკავშირის წინააღმდეგ, რომელმაც ის სანქციების სიაში შეიყვანა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე.
DW იხსენებს, რომ აბრამოვიჩი 2022 წლის მარტში რუს ოფიციალურ პირებთან, ბიზნესმენებთან და ოლიგარქებთან ერთად მოხვდა ევროკავშირის შავ სიაში. ევროკავშირმა განაცხადა, რომ მას "დიდი ხნის და მჭიდრო კავშირები აქვს ვლადიმირ პუტინთან" და "ჰქონდა პრივილეგირებული წვდომა პრეზიდენტთან და ინარჩუნებდა ძალიან კარგ ურთიერთობას მასთან". ევროკავშირის სეფასებით, ეს კავშირები საშუალებას აძლევდა მაგნატს, „შეენარჩუნებინა თავისი მნიშვნელოვანი სიმდიდრე“ და, შესაბამისად, „ის სარგებელი მიეღო რუსეთის ლიდერებისგან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ყირიმის ანექსიაზე ან უკრაინის დესტაბილიზაციაზე“.
ევროკავშირმა ასევე აღნიშნა, რომ აბრამოვიჩი, როგორც რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესმენი, „რუსეთის მთავრობას შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროთი უზრუნველყოფდა".
რომან აბრამოვიჩმა სარჩელი შეიტანა ევროკავშირის წინააღმდეგ გასული წლის მაისში მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ ევროკავშირის შეფასებაში იყო „აშკარა შეცდომა“ და მისი სიაში შეყვანის გადაწყვეტილება იყო „ძირითადი უფლებების დარღვევა“ და „არასათანადო ჩარევა“ მის ფუნდამენტურ უფლებებში, როგორც ეს ევროკავშირის კანონმდებლობაშია გათვალისწინებული.


