
პრეზიდენტმა ამირან გამყრელიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
19/12/2023 16:57:04 საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ახალი კორონავირუსით გამოწვეული COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში განსაკუთრებული დამსახურებისთვის, უმაღლესი პროფესიონალიზმისა და ქვეყნისათვის თავდაუზოგავი შრომისათვის, წარმატებული პედაგოგიური და მეცნიერული მოღვაწეობისათვის ამირან გამყრელიძე ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა.
ამირან გამყრელიძეს სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე პირადად გადასცა, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი დიდი პატივისცემა იმ საქმის მიმართ, რომელსაც თქვენ აკეთებთ. საამაყოა თქვენი საქმიანობა მედიცინაში, რადგან ის მიმართულია ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებისა და სტანდარტების ამაღლებისთვის, იქნებოდა ეს პრევენცია თუ იმ დაავადებებთან ბრძოლა, რომელიც ძალიან მძიმედ აწვებოდა საზოგადოებას. მათთან ბრძოლის ის პროგრესი კი, დიდწილად თქვენთანაა დაკავშირებული. მინდა, თქვენ მიმართ ძალიან დიდი მადლიერება გამოვხატო. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების დაფასება და პოზიტივი, რათა ვიცოდეთ რა არის დადებითი, რა არის პროგრესი, რომელიც უნდა დავაფასოთ, ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, გამყრელიძემ მას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის პირველი ჯილდოა. ამასთან, მან ზურაბიშვილს ასევე გადაუხადა მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის გაწეული სამუშაოსთვის
"ასევე, განსაკუთრებულია დღეს ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის, როდესაც საქართველო მიუახლოვდა თავის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საოცნებო მიზანს – ჩვენ თანდათან ვხდებით ევროპის ნაწილი და უკვე კანდიდატის სტატუსით ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი და დიდი მუშაობა გვჭირდება, რათა გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი წევრი, ამიტომაც, მიზანშეწონილად ჩავთვალე ჩემი შვილები და ჩემი შთამომავლობა ყოფილიყო დღეს ამ ჯილდოს მიღებაზე, რათა მათ კარგად გაითავისონ თუ რა გზა გვაქვს დღეს ერთად გასავლელი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას",– თქვა გამყრელიძემ და დასძინა, "ჩვენ ძლიერი ვიქნებით, თუ გვეყოლება განათლებული და ჯანმრთელი ერი. ჯანმრთელი და განათლებული ერი ყოველთვის შექმნის ცოდნაზე დამყარებულ კეთილდღეობას და ეკონომიკას. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება ჯანმრთელი იყოს ჩვენი საზოგადოება, თანამედროვე განათლებით და მაშინ უფრო გაადვილდება ყველა იმ მიზნის მიღწევა, რაც ჩვენ ძალიან გვინდა“.
ამირან გამყრელიძე 2013 წლის 7 თებერვლიდან იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი. მიმდინარე წლის 5 აგვისტოს ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ის თანამდებობას ტოვებდა.
იხილეთ ასევე: თანამდებობის დატოვებას ორი-სამი წლის შემდეგ ვფიქრობდი – ამირან გამყრელიძე