
საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი შემცირდა
19/12/2023 15:49:02 ეკონომიკა
2023 წლის 11 თვეში რუსეთი თურქეთის შემდეგ საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა იყო. მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ 193 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 მილიონი დოლარით ნაკლებია. ბრუნვის კლება საქართველოდან რუსული საქონლის შესყიდვის შემცირებას უკავშირდება, ხოლო თავად რუსეთის მიმართულებით ექსპორტში 3%-იანი ზრდაა.
ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის 11 თვეში საქართველოდან რუსეთში 605 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წლიურად $15 მილიონით (3%) მეტია. ექსპორტში წამყვან ადგილებს ღვინო და მსუბუქი ავტომობილები იკავებს. კერძოდ, რუსეთში გავიდა $157 მილიონის ღირებულების 58 ათასი ტონა ღვინო (ზრდა 5%); $67 მილიონის 4,963 ერთეული მსუბუქი ავტომობილი (ზრდა 3%); სპირტიანი სასმელები - $59 მილიონი, 14 ათასი ტონა, ზრდა 34%; გაზირებული შაქრიანი სასმელები - $58 მილიონი, 73 ათასი ტონა, ზრდა 64%; მინერალური და მტკნარი წყლები - $57 მილიონი, 105 ათასი ტონა, ზრდა 22%.
2023 წლის 11 თვეში საქართველომ 1.59 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული საქონელი შეიძინა, ეს წინა წელთან შედარებით 20 მილიონი დოლარით ნაკლები იყო. კლება ძირითადად ნავთობის ფასის შემცირებას უკავშირდება, რადგანაც წელს საქართველომ შემცირების ნაცვლად უფრო მეტი რუსული საწვავი შეისყიდა. კერძოდ, საქართველომ შეიძინა $513 მილიონის, 722 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები (კლება წინა წელთან შედარებით თანხობრივად 8%, ზრდა მოცულობის მხრივ 24%); ბუნებრივი აირი - $109 მილიონი, (ზრდა 49%); ხორბალი - $51 მილიონი, 194 ათასი ტონა (კლება 2%); არმატურა - $49 მილიონი, 84 ათასი ტონა, (ზრდა 64%); ბოთლები და ბოცები - $45 მილიონი, 96 ათასი ტონა (ზრდა 25%).