Accentnews.ge
ოთხოზორიას დედა: შვილის მკვლელის დასჯის იმედი გამიჩნდა

ოთხოზორიას დედა: შვილის მკვლელის დასჯის იმედი გამიჩნდა

19/12/2023 14:21:22 საზოგადოება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია ეხმიანება და ამბობს, რომ იზეიმა სამართალმა და მას იმედი გაუჩნდა, რომ რუსეთის მიერ არაადამიანურად მოკლული სხვა ახალგაზრდების საქმეებზეც დადგება სამართლიანი განაჩენი.

„უკვე მერვე წელია ჩემი შვილის გარდაცვალებიდან და უკვე მეკარგებოდა იმედი რაიმე სასიკეთო ამბავის გაგების. მაგრამ დღეს ნამდვილად იზეიმა სამართალმა და ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის, ქართველი ადამიანის მოკვლისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა ააღებინეს და გამოიკვეთა ის, რომ ქართველი ადამიანის არაადამიანურად სიკვდილში, არაადამიანურად სიცოცხლის გამოსალმებაში, პირველ რიგში, დამნაშავეები არიან რუსები და ისინი აქეზებენ იმ სეპარატისტებს - აფხაზებს, ოსებს - რომლებიც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მახვილს აღმართავენ. ერთი, ამ საქმეში გამარჯვება ნიშნავს არა მარტო ჩემი შვილის საქმის მოგებას, არამედ საქართველოს წარმატებას, რომ ამ გადაწყვეტილებით, ალბათ, დაფიქრდებიან ის რუსები და იტყვიან, არ ღირს ასე...როცა მათ მოუნდებათ, მაშინ ხელყონ ქართველი ადამიანის სიცოცხლე. მე ახლა გამიჩნდა იმის იმედი, რომ ჩემ შვილთან ერთად, სხვა, რუსების მიერ მოკლული ადამიანების, არაადამიანურად წამებული ადამიანების საქმეებიც გაიმარჯვებს“, - განუცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ ჟურნალისტებს.

მისი თქმითვე, საქმე საბოლოოდ დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა დაისჯება გიგას მკვლელობაში ბრალდებული ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი. მოკლულის დედა გადაწყვეტილების აღსრულების პასუხისმგებლობას საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას აკისრებს:

„ალბათ რუსებიც დაფიქრდებიან, რომ ამ საქმის უშუალო შემსრულებელი ადამიანი გადმოეცეს საქართველოს მხარეს, რომ ის დაისაჯოს, პასუხი აგოს ქართველი ადამიანის მკვლელობის გამო...რადგან სტრასბურგის სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ახლა უკვე ჩვენს ხელისუფლებაზეა მომდევნო ნაბიჯები, როგორ განახორციელებენ ამას და როგორ დავასრულებთ ამ საქმეს. ეს არის უშუალოდ საქართველოს სამართალდამცავების საქმე. მომავალი ნაბიჯები მათზეა დამოკიდებული... იმედი, რომ ჩვენ ევროპული სახელმწიფოების გვერდით გვაქვს მომავალი. ამის ერთ-ერთი გამოვლინება ალბათ არის ამ საქმის ასე დადებითად გადაწყვეტა“, - თქვა გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ.

სარჩელის მომზადებაში ჩართული იურისტის, გიორგი ტაბატაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულება, სავარაუდოდ, არ მოხდება, საქმე მაინც ძალიან მნიშვნელოვანია.

„მარტივად რომ აგიხსნათ, სამართლებრივი წიაღსვლების გარეშე, აფხაზი ე.წ. მესაზღვრე გადმოვიდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლა ჩვენი მოქალაქე და აღნიშნულ ფაქტზე ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას.. მაშინ როდესაც იქნება დებატები პირდაპირ ველაპარაკოთ აფხაზებს თუ არა, ყოველთვის გახსოვდეთ რომ ევროპულმა სასამართლომაც კი თითოეულ მათ მოქმედებაზე პასუხისმგებელ პირად რუსეთი განსაზღვრა. მათ ქმედებებზე სრული კონტროლი აქვს რუსეთს და ეს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეც კი გავრცელდა. ყოველთვის ვიამაყებ რომ მქონდა პატივი ოთხოზორიების ოჯახის ადვოკატი ვყოფილიყავი! დიდებული ოჯახის, რომლებიც აუცილებლად მიაღწევენ სამართალს!" - წერს გიორგი ტაბატაძე სოციალურ ქსელში.

ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წლის 19 მაისს მოკლეს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან. აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა, მტკიცებულებების არარსებობის საბაბით, მალევე შეწყვიტა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S