ვენეციის კომისია და ODIHR: საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შემოთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად
19/12/2023 13:04:47 პოლიტიკა
შემოთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის, - ამის შესახებ საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ODIHR–ის ერთობლივ მოსაზრებაშია აღნიშნული.
„2023 წლის 22 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის სთხოვა მოსაზრება საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე. ვინაიდან ეს დასკვნა ეხება საარჩევნო სფეროს, იგი მომზადდა ერთობლივად ვენეციის კომისიისა და ODIHR–ის მიერ.
საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შემოთავაზებული ცვლილებები ეხება მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობას და მისი (უპარტიო) წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას. ისინი რთული და საკმაოდ დამაბნეველია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მოიცავს არაზუსტ გზავნილებს. მიმდინარე რეფორმის დრო, რა თქმა უნდა, არ არის იდეალური, რადგან ის ეხება საარჩევნო კანონის ფუნდამენტურ ელემენტებს - კერძოდ, საარჩევნო კომისიების წევრობას და მიღებული იქნება, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო იქნება დარჩენილი. მეორეს მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ მიღების პროცესი პარლამენტში პირველი მოსმენის შემდეგ შეჩერდა, რათა მოხდეს ერთობლივი მოსაზრების დასკვნების გათვალისწინება და რომ რეფორმა ნაწილობრივ მაინც ემსახურებოდეს ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის სტანდარტებს და განხორციელდეს ვენეციის კომისიისა და ODIHR–ის წინა რეკომენდაციები. ეს განვითარება, პრინციპში, მისასალმებელია. ამავდროულად, შემოთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ვენეციის კომისიისა და ODIHR–ის მოსაზრებაში ნათქვამია, რომ საქართველოში უმრავლესობასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის 2021 წლის 19 აპრილის მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით, რასაც, ვენეციის კომისია და ODIHR მიესალმნენ. თუმცა ვენეციის კომისია და ODIHR იქვე აღნიშნავენ, რომ "მიღებულ იქნა შემდგომი ცვლილებების სერია, რომელიც გასცდა ამ ფართო პოლიტიკურ შეთანხმებას":
"ვენეციის კომისიის და ODIHR–ის აზრით, მიმდინარე ცვლილებების პროექტი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ საჭიროებს შემდგომ განვითარებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ვენეციის კომისიისა და ODIHR–ის რეკომენდაციებია:
- ცვლილებების პროექტის შეცვლა, რათა უზრუნველყოფილი იყოს კონსენსუსი ცენტრალური საარჩევნო კომისიის უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის დანიშვნა/არჩევის თაობაზე;
- ჩიხსაწინააღმდეგო მექანიზმის სხვადასხვა ეტაპებს შორის შემოთავაზებული შეზღუდული დროის გაზრდის საკითხის განხილვა;
- უპარტიო წევრებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადასთან დაკავშირებით ცვლილებების პროექტში ცვლილებების შეტანა, რათა ჩიხსაწინააღმდეგო მექანიზმის საფუძველზე დანიშვნები მნიშვნელოვნად შეზღუდული იყოს დროში და ვერ გაჭიანურდეს;
- უპარტიო წევრებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წარდგენის უფლებამოსილების გადაცემა პარლამენტის თავმჯდომარისგან საქართველოს პრეზიდენტზე.


