აშშ, პარტნიორებთან ერთად, წითელ ზღვაში სამხედრო ოპერაციას იწყებს
19/12/2023 06:08:37 მსოფლიო
წითელ ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმების გახშირების გამო, ამერიკის შეერთებული შტატები იწყებს მრავალეროვნულ ოპერაციას, სახელწოდებით Prosperity Guardian. გადაწყვეტილება 18 დეკემბერს გამოაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა.
შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის განცხადებით, იემენიდან ჰუთების უგუნური თავდასხმებით გამოწვეული ესკალაცია საფრთხეს უქმნის თავისუფალ ვაჭრობას და უდანაშაულო მეზღვაურებს და არღვევს საერთაშორისო სამართალს.
ოსტინი აღნიშნავს, რომ წითელ ზღვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი ნაოსნობისთვის და წარმოადგენს მსხვილ კომერციულ დერეფანს, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობას ამარტივებს, ამიტომ აუცილებელია გაერთიანება და იემენში მოქმედი არასახელმწიფოებრივი სუბიექტის მიერ არაერთი ქვეყნის სატვირთო გემების წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გამოყენებით გამოწვეული პრობლემის მოგვარება.
ოპერაციაში ჩაერთვებიან დიდი ბრიტანეთი, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდი, ნორვეგია, ესპანეთი და სეიშელის კუნძულები.
იემენში მოქმედი ჰუთი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის 2023 წლის ოქტომბრიდან დაწყებული ომის შემდეგ.


