
მიგრაციის საკითხზე საქართველოში გერმანიის შს მინისტრი ჩამოვა
18/12/2023 11:54:50 საზოგადოება
საქართველოს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი ეწვევა.
საქართველოში გერმანიის საელჩოს ცნობით, ნენსი ფეზერი მიგრაციის შეთანხმების საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან იოახიმ შტამპთან ერთად ჩამოვა, რათა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად ხელი მოაწეროს ორმხრივ შეთანხმებას მიგრაციის შესახებ.
„ამ შეთანხმების საფუძველზე კიდევ უფრო გავაფართოებთ უკვე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას არალეგალურად მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხებში. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია არალეგალური მიგრაციის შემცირებისკენ“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა.
საელჩოში აცხადებენ, რომ მიგრაციის შესახებ შეთანხმება იქნება არალეგალური მიგრაციის შემცირების საფუძველი, რაც ორივე ქვეყნის ინტერესებშია.
გერმანიის საელჩოს ცნობით, შეთანხმება ხელს შეუწყობს სეზონურ დასაქმებას, გაჩნდება მიზანმიმართული შესაძლებლობები საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დასაქმების კუთხით და გაძლიერდება ურთიერთობები სპეციალისტთა განათლების მიმართულებით.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ფედერალურმა საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო და მოლდოვა თავშესაფრის შესახებ კანონების მხრივ, წარმომავლობის უსაფრთხო ქვეყნებად ჩაითვლებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან და მოლდოვადან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები უფრო სწრაფად განიხილება და, ძირითად შემთხვევებში, შესაძლოა უარყოფილ იქნას.
გერმანიის მთავრობის ცნობებით, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან და მოლდოვადან თავშესაფრის მაძიებელთა აღიარების დონე დაახლოებით 0.1%-ს შეადგენდა. ამჟამად გერმანიაში თავშესაფრის შესახებ უარყოფილი განცხადებების 15% საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეებზე მოდის.
გერმანიის ფედერალური საბჭოს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ მიგრაციის შესახებ შეთანხმებები გამოყენებულ იქნას ორივე ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალ დონემდე გასაზრდელად და უკანონო მიგრაციის მნიშვნელოვნად შესამცირებლად.