Accentnews.ge
ლევან დავითაშვილი: დიახ, რუსეთი ოკუპანტია, მტერია და მის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ

ლევან დავითაშვილი: დიახ, რუსეთი ოკუპანტია, მტერია და მის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ

18/12/2023 08:12:25 პოლიტიკა

"დიახ, რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი მტერია, დიახ, რუსეთი დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც ჩინეთში მის ვიზიტთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

მისივე თქმით, "საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო 10 წლის განმავლობაში, რუსეთისთვის არაფერი დაუთმია":

„ერთი გზა, ერთი სარტყელი“ არის ინიციატივა, რომლის წევრიც საქართველოსთან ერთად არის ევროკავშირის ბევრი ქვეყანა. საქართველო ამ ფორუმში მონაწილეობდა ფიზიკურად ყოველ ჯერზე ფორუმის არსებობის დღიდან და ამ ფორუმში მონაწილეობდა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაც თითქმის ყოველთვის. ახლა თუ ვინმეს უნდა იმის წარმოჩენა, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს რაიმენაირი ფორმით, საქართველოს ინტერესებს აზიანებს და რაიმენაირ ფარულ დიალოგშია, ცალსახად და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია. თუ გვინდა, რომ თავისი სახელები დავარქვათ და მკაფიოდ ვისაუბროთ ოკუპაციაზე - დიახ, მე გეუბნებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი მტერია, დიახ, რუსეთი დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ საქართველოს ინტერესების საზიანოდ. პირიქით, ჩვენ გვაქვს დიალოგი იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესებს ვემსახუროთ მაქსიმალურად და ამას ცალსახად ვამბობ", - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება საქართველოს დელეგაციის მონაწილეობას ჩინეთში გამართულ ფორუმში, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა, დავითაშვილის განმარტებით, ფორუმზე საქართველო ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფებოდა:

„ჩვენი დასწრება იყო პატივისცემა ჩინეთის სახელმწიფოს მიმართ და ეს იყო პირდაპირ პრეზიდენტ სი ძინპინის პირადი მოწვევა. ფორუმზე და მათ შორის, კომისიის ფარგლებში ჩვენი მონაწილეობა იყო უმაღლეს დონეზე მხარდაჭერილი ჩინეთის სახელმწიფოს მიერ და ჩვენი მხრიდან ამ მოწვევის იგნორირება იქნებოდა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, იმ დინამიკიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ჩინეთთან იგივე სავაჭრო ეკონომიკური კუთხით“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრი პარლამენტში "ევროოპტიმისტების" ინიციატივითაა დაბარებული ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S