Accentnews.ge
უკრაინა: ზალუჟნის ოფისში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს

უკრაინა: ზალუჟნის ოფისში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს

18/12/2023 05:11:23 მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის ოფისში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს.

"ტექნიკური მოწყობილობა აღმოჩენილია ვალერი ზალუჟნის დისლოკაციის ერთ-ერთ პოტენციურ ადგილზე“, – აცხადებენ უწყებაში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, ტექნიკა აღმოჩენილია არა უშუალოდ ვალერი ზალუჟნის კაბინეტში, არამედ ერთ-ერთ სივრცეში, რომელიც „შესაძლოა მომავალში სამუშაოდ გამოეყენებინა“. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მოწყობილობა, რომელიც ექსპერტიზისთვის გაიგზავნა, გამორთული იყო და მასში რაიმე ინფორმაცია, ან აუდიოჩანაწერის გადაცემის საშუალება არ აღმოუჩენიათ.

მანამდე, გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ გენერალ ზალუჟნის და მისი რამდენიმე თანამშრომლის სამუშაო კაბინეტებში მოსასმენი აპარატურა იპოვეს. გამოცემის წყაროთა თანახმად, საუბარია ვალერი ზალუჟნის ახალ სამუშაო კაბინეტზე, რომელსაც იქ გენერლის გადასვლამდე ამოწმებდნენ.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ინფორმაციის მოპოვების სპეციალური ტექნიკური საშუალებების უკანონოდ შეძენის და გამოყენების მუხლით. საქმეს უსაფრთხოების სამსახური იძიებს.

ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია 2021 წლის ივლისიდან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S