
გზების ნაწილზე ზამთრის საბურავების გარეშე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აიკრძალა
15/12/2023 10:22:46 პოლიტიკა, საზოგადოება
გზების ნაწილზე ზამთრის საბურავების გარეშე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აიკრძალა. კერძოდ, პარლამენტმა შსს-ის ინიციატივა მესამე მოსმენით მიიღო.
ცვლილების თანახმად, 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე პერიოდში, მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო იქნება.
ამასთან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დროის მონაკვეთი დადგინდეს ან დამატებითი მოთხოვნა დაწესდეს, სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებთან ერთად მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვის შესახებ.
აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება - სანქციად წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 5 ქულით შემცირება.
ზამთრის საბურავების ტექნიკური მახასიათებლები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.