
საგანელიძე განმარტავს, რატომ აქვს "საპარტნიორო ფონდს" 481 მილიონიანი ზარალი
27/05/2019 12:15:35 ეკონომიკა
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე განმარტავს, რომ ფონდის 481 მილიონიან ზარალს ის კომპანიები განაპირობებენ, რომელთა მმართველობაშიც მისი სტრუქტურა არ იღებს მონაწილეობას.
"ზარალს, თუ შეიძლება, ბრჭყალებში ჩავსვამ, იმიტომ, რომ მე მოგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდში შემოდის ის სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებსაც ჩვენ არ ვმართავთ, რომელთანაც ჩვენ არანაირი მართვის ბერკეტი არ გაგვაჩნია და მხოლოდ ურთიერთობა ყალიბდება იმ დონეზე, რომ მათ დივიდენდს იღებს საპარტნიორო ფონდი“, – განაცხადა საგანელიძემ პარლამენტში ფონდის საქმიანობის წარდგენისას.
მისი თქმით, მსგავსი კომპანიების ამოღების შემთხვევაში, ფონდი მოგებაზეა გასული.
"საპარტნიორო ფონდმა" KPMG-ს (აუდიტის კომპანია) კონსოლიდირებული ბალანსით 481 მლნ ლარიანი ზარალით დახურა წელი. მაგრამ, თუ ჩვენ ამოვიღებდით რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალს, რომელიც, ისევ ვამბობ, ჩვენ არ ვმართავთ და ჩვენზე არაა დამოკიდებული, "საპარტნიორო ფონდმა" მოგება მიიღო 192.6 მლნ“, – დასძინა მან.
მისივე თქმით, ფონდმა საკუთარი პროექტებისგან 18 მლნ ლარზე მეტი სარგებელი ნახა.
ცნობისთვის: "საპარტნიორო ფონდი" 2011 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მსხვილი აქტივების მომგებიანი მართვისთვის შეიქმნა, მასში უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიები - რკინიგზა, გაზის და ნავთობის კორპორაცია და სახელმწიფო ელექტროსისტემაა გაერთიანებული.
დავით საგანელიძე ქვეყნის ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეა. გასულ წელს მან თანამდებობრივი სარგოს სახით 294 000 ლარი მიიღო.