
კალაძე: 650 ათასი ავტომობილი მოძრაობს პიკის საათში, გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევები დაემატა, ვაკე-საბურთალოს მიდამოებში იყო 54 შემთხვევა
14/12/2023 11:56:24 საზოგადოება
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, თბილისისთვის საცობები ერთ-ერთი გამოწვევაა და ამის მთავარი მიზეზი ავტომობილების „გადაჭარბებული რაოდენობაა“.
მისი თქმით, 650 000 ავტომობილი მოძრაობს პიკის საათში, რასაც გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევები დაემატა.
როგორც მერმა აღნიშნა, ვაკე-საბურთალოს მიდამოებში იყო 54 შემთხვევა.
„საცობები ერთ-ერთი გამოწვევაა და ამის მთავარი მიზეზი ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობაა. 650 ათასი ავტომობილი მოძრაობს თბილისში პიკის საათში. წარმოგიდგენიათ? გუშინ ამას ავტოსაგზაო შემთხვევები დაემატა, ვაკე-საბურთალოს მიდამოებში იყო 54 ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ. ეს საოცრებაა ცხადია ამ ყველაფერს აქვს თავისი გავლენა. ერთადერთი გზა, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ამ მიმართულებით რაღაცები გამოვასწოროთ, ეს არის ის პოლიტიკა, რასაც დედაქალაქის მერია ატარებს - საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ახალი საავტობუსო ზოლები, ავტობუსები. იცით, რომ 18-მეტრიანი ავტობუსები მალე დაგვემატება დედაქალში, რომ შევძლოთ უფრო მეტი ადამიანის გადაყვანა. შევძლოთ, უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, როგორც ავტობუსი ასევე, მიკროავტობუსი და რა თქმა უნდა, ის ინფრასტრუქტურული პროექტები. მესმის, ამ სამუშაოების დროსაც არის დისკომფორტი, პრობლემა.
დღეს წერეთლის გამზირი გადაკეტილია და მოძრაობა ჭირს, რადგან ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სხვანაირად შეუძლებელია. მაშინ რა ვქნათ, არ გავაკეთოთ? კარგი, მე არასწორს ვაკეთებ, რა არის სწორი გვითხარით. მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, ექსპერტები ჩართულნი არიან და გვეუბნებიან, თუ რა უნდა გაკეთდეს. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ვაშაძის თემა მინდა გავიხსენო, გამოვიდა თქვა, რომ მერი არასწორად აკეთებს, „სისტრამ“ დაუწერა რაღაცები და იმას არ ასრულებსო. გამოდგა, რომ ეს არის ტყუილი, სიცრუე. თვითონ აღნიშნული კომპანიაც გამოვიდა, სიცრუეში დაადანაშაულა ბატონი ვაშაძე. მერე, მივმართე მას, რომ თუ იცის რამე, წარმოადგინოს და მზად ვართ განვიხილოთ. გამოვიდა და კომისიები შევქმნათო, სასაცილოა ეს ყველაფერი“,- განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საცობების გამო გუშინ ხანძრისას გამოძახებაზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადების შესაძლო დაგვიანებას შეეხებოდა, კალაძემ აღნიშნა, რომ საცობების მიუხედავად, არც სასწრაფო დახმარების მანქანას და არც სახანძროს გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს.