ზელენსკი ნორვეგიაში ჩაფრინდა
13/12/2023 10:28:02 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოსლოში ჩაფრინდა, სადაც მოლაპარაკებას მართავს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორესთან.
ამასთან, ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს სამიტში, რომელზეც შეიკრიბებიან დანიის, ფინეთის, ისლანდიის, ნორვეგიის და შვედეთის ლიდერები.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში იმყოფებოდა, შეხვედრები გამართა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და ამერიკელ კანონმდებლებთან.
ზელენსკიმ ტელეგრამ–არხზე დაწერა, რომ აშშ–სთან ერთად იმუშავებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გასაძლიერებლად, რუსეთის შეტევების უფრო ეფექტიანად მოგერიების მიზნით: "პრეზიდენტი ბაიდენი და მე შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობის გაზრდაზე. და ტერორისტულმა ქვეყანამ დაადასტურა, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება".
კიევში დაახლოებით ღამის 3 საათზე აფეთქების ხმა გაისმა. რამდენიმე წუთის შემდეგ ქალაქში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ჯარებმა ათი ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს კიევს და უკრაინელებმა 10–ვე ჩამოაგდეს. მორიგი რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 53 ადამიანი დაშავდა, მათ შორის რვა ბავშვია
რუსი სამხედროები რეგულარულად უტევენ უკრაინის რეგიონებს სხვადასხვა ტიპის იარაღით - უპილოტო საფრენი აპარატებით, რაკეტებით. მოსკოვი, მიუხედავად მტკიცებულებებისა, უარყოფს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.


