CNN: რუსეთმა უკრაინაში ომამდელი სახმელეთო ძალების 87% დაკარგა
13/12/2023 08:19:38 მსოფლიო
რუსეთმა დაკარგა იმ სახმელეთო ჯარების 87%, რაც უკრაინაში შეჭრამდე ჰყავდა და ტანკების 2/3, – წერს CNN-ს კონგრესში აშშ-ის მიერ წარდგენილ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით. CNN-ის სტატიაში არ არის მითითებული მოკლულებისა და დაჭრილების რაოდენობა.
როგორც CNN აღნიშნავს, რუსეთმა ამგვარ სერიოზულ დანაკარგებთან გამკლავება შეძლო მარაგის საბჭოთა პერიოდის მოძველებული სამხედრო აღჭურვილობით შევსებით, ასევე ახალწვეულთა მოთხოვნების „შემცირებით“, რასაც რუსეთის ხელისუფლება „ნაწილობრივ მობილიზაციას“ უწოდებს. თუმცა, შეფასებაში ნათქვამია, რომ ომმა „დრამატულად შეაჩერა რუსეთის 15-წლიანი ძალისხმევა სახმელეთო ჯარების მოდერნიზების კუთხით“.
„ნოემბრის ბოლოსთვის რუსეთმა დაკარგა სახმელეთო ჯარების მეოთხედზე მეტი, რომელიც მას შეჭრამდე ჰყავდა“, - ციტირებს CNN დაზვერვის მონაცემებს. ”ამან შეამცირა რუსული შეტევითი ოპერაციების სირთულე და მასშტაბები, რომლითაც ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას უკრაინაში 2022 წლის დასაწყისიდან.”
- აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, უკრაინის ფრონტზე ჩასული 360 000 ჯარისკაციდან, საკონტრაქტო ჯარისკაცებისა და წვევამდელების ჩათვლით, რუსეთმა საბრძოლო მოქმედებების დროს 315 000 ადამიანი დაკარგა.
- იგივე შეფასებით, 3500 ტანკიდან 2200 დაიკარგა.
- ასევე, განადგურდა 13 600 ქვეითი საბრძოლო მანქანიდან 4 400 და ჯავშანტრანსპორტიორი (32%).
მხოლოდ ოქტომბერში, აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, ავდეევკა-ნოვოპავლოვკას მიმართულებით, რუსული არმიის შეუქცევადი დანაკარგები შეადგენდა 13 ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს (დაღუპული და დაშავებული), ასევე 220 ერთეულ სამხედრო ტექნიკას - ეს, მხოლოდ ტექნიკით, ექვსი მანევრული ბატალიონის ეკვივალენტია, - განუცხადა CNN-ს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ედრიენ უოტსონმა.
იხილეთ ასევე: «Важные истории»: რუსი მეთაურები ავდეევკაში შეტევაზე დაჭრილებს უშვებენ, ყველგან ცხედრებია
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან განგრძობითი თავდასხმების ფონზე, უკრაინელები „გაბედულად და წარმატებით“ იცავენ თავიანთ ქვეყანას, მაგრამ რუსეთი აპირებს, განაგრძოს შეტევა, მიუხედავად დანაკარგებისა.
„ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რათა მათ გააგრძელონ ფრონტის შენარჩუნება და ტერიტორიების დაბრუნება. როგორც ჩანს, რუსეთს სჯერა, რომ ზამთარში ფრონტზე ჩიხი შეაფერხებს დასავლეთის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და საბოლოოდ მისცემს რუსეთს უპირატესობას, მიუხედავად მსხვერპლისა და გაწვრთნილი პერსონალის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მუდმივი დეფიციტისა. პუტინი აშკარად ადევნებს თვალს იმას, რაც ხდება კონგრესში და ჩვენ გვჭირდება, რომ კონგრესმა ამ თვეში იმოქმედოს უკრაინის მხარდასაჭერად “, - დასძინა უოტსონმა.
4 დეკემბერს ბრიტანულმა დაზვერვამ გამოაქვეყნა შეფასებები რუსული არმიის დანაკარგების შესახებ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დროს. მისი მონაცემებით, რუსულმა ძალებმა დაკარგეს 180-დან 240 ათასამდე პერსონალი. ამასთან, კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" დაქირავებულმა მებრძოლებმა, სავარაუდოდ, დაკარგეს 40 ათასი სამხედრო დაჭრილის სახით და 20 ათასი მოკლულის.
დიდი დანაკარგები, ბრიტანული მხარის აზრით, ძირითადად, ავდეევკაზე რუსეთის შეტევამ გამოიწვია. წინა მაღალი სიკვდილიანობის პერიოდი რუსეთისთვის იყო 2023 წლის მარტი ბახმუტზე რუსეთის შეტევის პიკზე. 2023 წლის ნოემბერში რუსული არმიის დანაკარგებმა, უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, დღეში საშუალოდ 931 ადამიანი შეადგინა. რუსული მხარე არ ავრცელებს მონაცემებს დანაკარგების შესახებ.


