Accentnews.ge
WSJ: ისრაელმა "ჰამასის" გვირაბებში წყლის გადატუმბვა დაიწყო

WSJ: ისრაელმა "ჰამასის" გვირაბებში წყლის გადატუმბვა დაიწყო

13/12/2023 07:41:03 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაიწყეს ზღვის წყლის გადატუმბვა ღაზას სექტორში არსებული გვირაბების კომპლექსში, რომელსაც "ჰამასი" იყენებს. იტყობინება Wall Street Journal. ამერიკული გამოცემის ცნობით, ამის შესახებ ისრაელმა გააფრთხილა შეერთებული შტატები.

ვაშინგტონს მიაჩნია, რომ დატბორვა ხელს შეუწყობს გვირაბების განადგურებას, სადაც ჯიჰადისტები მალავენ იარაღსა და საბრძოლო მასალას და გაანადგურებს "ჰამასის" ინფრასტრუქტურას. ოპერაციას შეიძლება, რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

ამავდროულად, გამოცემა აღნიშნავს, ზოგიერთ ამერიკელ ოფიციალურ პირს აშფოთებს ის საკითხი, რომ ზღვის წყლის ამოტუმბვამ შეიძლება, საფრთხე შეუქმნას მტკნარი წყლის მიწოდებას ღაზას სექტორში, ასევე გამოიწვიოს ნიადაგის საშიში ნივთიერებებით დაბინძურება.

IDF-ს არასდროს გაუკეთებია მკაფიო კომენტარი ზღვის წყლის გამოყენებაზე გვირაბების დატბორვის მიზნით. WSJ-ის ცნობით, ნოემბრის შუა რიცხვებში ისრაელის სამხედროებმა დაასრულეს სულ მცირე ხუთი ტუმბოს დამონტაჟება ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკის ჩრდილოეთით დაახლოებით ერთნახევარ კილომეტრში. The Jerusalem Post წერდა, რომ გვირაბების დატბორვის პროცესი ერთდროულად დაიწყო.

4 დეკემბერს IDF-მა განაცხადა ღაზას სექტორში 800-ზე მეტი გვირაბის აღმოჩენის შესახებ, რომელთაგან 500 განადგურდა, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით.

ისრაელის სამხედროების ცნობით, გვირაბები გადის ღაზას სექტორში სკოლებისა და სპორტული ცენტრების, მეჩეთებისა და საავადმყოფოების ქვეშ. ამ გვირაბების სისტემის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. "ჰამასის" ლიდერების თქმით, მათი სიგრძე 500 კილომეტრს აღწევს, სიღრმე კი 35 მეტრს.

ჰამასი მრავალი წლის განმავლობაში იყენებს მიწისქვეშა გადასასვლელების ფართო სისტემას სამხედრო მიზნებისთვის, მათ შორის ისრაელის ტერიტორიაზე შესაღწევად. ასე იყო ისრაელზე 7 ოქტომბერს თავდასხმის დროს, – ამტკიცებს IDF.

"ჰამასი" ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს და მოაწყო ხოცვა–ჟლეტა. დაიღუპა 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ორასზე მეტი მძევლად აიყვანეს, ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით გაათავისუფლეს. საპასუხოდ ისრაელმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია ღაზას სექტორში, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს. პალესტინური მხარის ინფორმაციით, ისრაელის დარტყმებისა და სახმელეთო ოპერაციების შედეგად, სექტორის დაახლოებით 18 ათასი მცხოვრები დაიღუპა. ბრძოლა გრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S