
გიორგი ამილახვარი: სკოლებში მოსწავლეების „ეროვნული შეფასების“ სისტემა დაბრუნდება
12/12/2023 12:45:25 პოლიტიკა, საზოგადოება
სკოლებში მოსწავლეების „ეროვნული შეფასების“ სისტემა დაბრუნდება,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, "ახალი მოდელის დანერგვის მიზნით, ყოველი საფეხურის ბოლოს, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შეფასების სისტემა მუშავდება".
როგორც მან აღნიშნა, "ეროვნული შეფასების" სისტემა სკოლიდან უმაღლეს სასწავლებელში ტრანზიციასაც მოიცავს".
„ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ დღეს, აუცილებელია ჩვენს სკოლებში შემოვიღოთ, დავაბრუნოთ ე.წ. ეროვნული შეფასება. ეს მნიშვნელოვანია, რათა თავად მასწავლებელმა იცოდეს, თუ რა შედეგებზე გადის ის; ასევე, ეს მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის, თავად სკოლის ხელმძღვანელობისთვის და რაც მთავარია განათლების სამინისტროსთვის, სისტემისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, ჩვენ დაწყებული გვაქვს აქტიურად პროცესი, რომელიც გულისხმობს, რომ მე-6 და მე-9 კლასში, ჩვენ გვინდა პირველ ეტაპზე შემოვიღოთ ე.წ. სადიაგნოსტიკო შეფასებები, რომლებიც სისტემას ნათელ სურათს მისცემს როგორ ვითარდება, რა დახვეწა და რა გაუმჯობესება სჭირდება და მე-12 კლასში უკვე ეს იყოს განმსაზღვრელი შეფასება და რასაც ჩვენ ვეძახით ბავშვის ტრანზიციას, სკოლიდან უმაღლეს განათლებაში, თუ პროფესიულ განათლებაში. ესეც, ბუნებრივია, იქნება მოაზრებული და ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ სრულიად ახალ საერთაშორისო პრაქტიკაზე ადაპტირებულ ჩარიცხვის პროცესს. ხაზგასმით მინდა აღნიშნო, რომ მე-6 და მე-9 კლასის პილოტირება 2025 წლიდან დაიწყება, მე-12 კლასის პილოტირება 2026 წელს დაიწყება და სრულად ეს სისტემა 2027 წლიდან ამოქმედდება,“ - განაცხადა ამილახვარმა.