რუსეთიდან ადეპორტებენ მოზარდებს მშობლებთან ერთად, რომლებმაც მარადიული ცეცხლი ჩააქრეს
12/12/2023 08:07:35 მსოფლიო
რუსეთიდან ადეპორტებენ მოზარდებს მშობლებთან ერთად, რომელთაც პეტერბურგის კრასნოსელსკის რაიონში მარადიული ცეცხლი ჩააქრეს. ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის რეგიონის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
10, 12 და 14 წლის ბიჭების ოჯახები პეტერბურგში უზბეკეთიდან გადავიდნენ და კრასნოსელსკის რაიონში ცხოვრობდნენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ისინი ქვეყანაში საჭირო დოკუმენტაციის გარეშე იმყოფებოდნენ. „ამ კუთხით პოლიცია სასამართლოსთვის ამზადებს მასალებს ორივე ოჯახის რუსეთიდან გაძევების შუამდგომლობით. მომხდარიდან გამომდინარე, საპოლიციო შემოწმების მასალები, ასევე თავად მოზარდები და მათი მშობლები საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად საგამოძიებო ორგანოებს გადაეცათ“, - აცხადებენ რუსეთის შსს-ს სანქტ-პეტერბურგის სამმართველოში.
ინციდენტი 10 დეკემბერს მოხდა. მომხდარის შესახებ პოლიციას ადგილობრივმა მცხოვრებმა შეატყობინა. ქალმა სამორიგეო განყოფილებაში დარეკა და თქვა, რომ სამმა ახალგაზრდამ ჩააქრო მარადიული ცეცხლი. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები დაათვალიერეს, რომელზეც ჩანს, რომ ბავშვები თოვლის გუნდებით აქრობენ ცეცხლს, შემდეგ კი გარბიან.
პოლიციამ ჯერ სკოლის ორი მოსწავლე - 10 და 14 წლის ძმები ამოიცნო, შემდეგ 12 წლის მოზარდი და ბინებში მიაკითხეს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ხელისუფლება დევნის მათ, ვინც" შეურაცხყოფს" მარადიულ ცეცხლს. ნოემბრის შუა რიცხვებში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ვოლგოგრადის ორი მაცხოვრებლის წინააღმდეგ, რომლებმაც მარადიული ცეცხლიდან სიგარეტებს მოუკიდეს.


