არგენტინის ახალმა პრეზიდენტმა ინაუგურაციისთანავე დაიწყო დაპირებების შესრულება – ცხრა სამინისტრო გააუქმა
11/12/2023 11:09:08 მსოფლიო
არგენტინის ახალმა პრეზიდენტმა ხავიერ მაილიმ ინაუგურაციისთანავე დაიწყო დაპირებების შესრულება და ქვეყანაში სამინისტროების რაოდენობა 19-დან 9-მდე შეამცირა.
როგორც განიმარტა, ქვეყანას ეყოლება თავდაცვის, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, შინაგან საქმეთა, უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურის, იუსტიციის, საერთაშორისო ვაჭრობისა და რელიგიის, ჯანდაცვისა და ადამიანური კაპიტალის სამინისტროები, რომლებიც შეასრულებენ მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის ძირითად ფუნქციებს, მათ შორის ხელმისაწვდომი განათლების უზრუნველყოფას.
მაილიმ აღნიშნა, რომ პოლიტიკური კასტის გამო, ქვეყანა ღრმა კრიზისში აღმოჩნდა - „ცვეთა დონე“ მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს, მათ შორის ჯანდაცვას, უსაფრთხოებას და ინფრასტრუქტურას. ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ სწრაფად უნდა იმოქმედოს.
"სიტუაცია არგენტინაში კრიტიკულია... მოკლევადიან პერსპექტივაში, კიდევ უფრო გაუარესდება, მაგრამ შემდეგ ჩვენ ვიხილავთ გაუმჯობესებას, რომელიც იქნება ძლიერი", - თქვა მაილიმ.
პოლიტიკოსის განმარტებით, შოკისმომგვრელ ზომებს ალტერნატივა არ აქვს, რადგან ქვეყანას ფული არ აქვს, არ შეუძლია ვალებში "ჩაფლობა" და კერძო სექტორის გადასახადებით "დახრჩობა".
შეგახსენებთ, რომ მაილიმ არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 55,69% მიიღო. ის ეწინააღმდეგება ქვეყნის BRICS-ში გაწევრიანებას და მხარს უჭერს შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან თანამშრომლობას.


