
NDI: 10-დან 1 მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს
11/12/2023 09:26:18 საზოგადოება
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს 10-დან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩეველშია.
კვლევის თანახმად, 10-დან 1 მოქალაქეს მაინც ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ფულს უგზავნის.
გარდა ამისა, მოსახლეობის 62% იცნობს ერთ ადამიანს მაინც, ვინც ბოლო 1 წლის განმავლობაში საცხოვრებლად საზღვარგარეთ წავიდა.
მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ემიგრაციის ძირითადი მიზეზები საქართველოში დაბალი ხელფასები (65%) და/ან სამუშაო ადგილების არარსებობაა (56%). ემიგრაციის მიზეზებად სახელდება მაღალი ფასები (28%) და ცხოვრების დაბალი ხარისხი (24%).
კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 80% ფიქრობს, რომ ქვეყნიდან დროებით ან მუდმივად წასვლა საქართველოზე უარყოფითად აისახება.
აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.