ბორელი: კარგი ახალი ამბავია, რომ საქართევლო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ, მოვუწოდებ, გააგრძელოს ამ გზით სიარული
11/12/2023 07:59:33 პოლიტიკა
კარგი ახალი ამბავია, რომ საქართევლო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ, მოვუწოდებ, გააგრძელოს ამ გზით სიარული, – ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გააკეთა, სადაც დღეს ევროკავშირის წევრი საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება.
ბორელის თქმით, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განიხილება ის სირთულეები, რომლებიც ამ რეგიონში არსებობს.
„ძალიან ბევრი რამ მოხდა მსოფლიოს ამ ნაწილში. ბელარუსის ადგილი იქნება ცარიელი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მოვახდინოთ ლუკაშენკოს რეჟიმის იზოლაცია და მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ ძალებს. მთელი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რეგიონი არის რთულ სიტუაციაში, მათ შორის – ბელარუსი, უკრაინა, ასევე კავკასიაში. კარგი ახალი ამბავი არის, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ, მაგრამ სიტუაცია სომხეთში მოითხოვს ჩვენგან ძლიერ მხარდაჭერას და ვნახოთ, როგორ შეიძლება, ეს მხარდაჭერა გავზარდოთ და როგორ უნდა დავტოვოთ "აღმოსავლეთ პარტნიორობა" დღის წესრიგში, რადგანაც ეს ჩვენი აღმოსავლეთ საზღვარია. ჩვენი აღმოსავლეთის საზღვარი არის ადგილი, სადაც ცხელი წერტილები იზრდება“, – განაცხადა, "საზოგადოებრვი მაუწყებლის" ცნობით, ბორელმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა ეს კვირა წარმატებული საქართველოსთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით, ბორელმა სემდეგი განაცხადა:
„საქართველო კარგად მუშაობს. ყველა ანალიზი და წინადადებები ევროკომისიისგან იყო ძალიან პოზიტიური. მე მოვუწოდებ საქართველოს, გააგრძელოს ამ გზით სიარული“.
ცნობისთვის: 8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.
ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი. 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.


