Accentnews.ge
ალიევი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოება ერთ-ორ თვეში დასრულდება

ალიევი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოება ერთ-ორ თვეში დასრულდება

08/12/2023 13:29:19 კავკასია, ეკონომიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ინფორმაციით, ბაქოდან საქართველოს საზღვრამდე რკინიგზის რეკონსტრუქცია უკვე მთლიანად დასრულებულია, ხოლო ქართული მონაკვეთის გაფართოება ორიოდ თვეში დასრულდება.

„ამჟამად ამ ლიანდაგზე მატარებლების სიჩქარე 120 კმ/სთ-ია, რამდენიმე წლის წინანდელი 50-60 კმ/სთ-თან შედარებით. ანუ მატარებლები უფრო სწრაფად იმოძრავებენ.

ერთ-ორ თვეში დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოება. ეს არის 100%–იანი აზერბაიჯანული ინვესტიცია, 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი. დაგეგმილია ამ სეგმენტის გამტარუნარიანობის გაზრდა 1 მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე მაქსიმუმ ორი თვის განმავლობაში“, - განაცხადა ალიევმა.

ალიევის შეფასებით, ეს ახალი ტვირთების მიღებისთვის ახალ შესაძლებლობებს გახსნის:

„ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ ეს გზა სომხეთის გავლით გაგვეგრძელებინა, მაგრამ სომხეთმა უარი თქვა. ამდენად, შევთანხმდით ირანულ მხარესთან და უკვე ვაშენებთ სამანქანო ხიდს, შემდეგ კი რკინიგზისთვის ავაშენებთ სომხეთის გვერდის ავლით. ასევე, მდინარე არაზის სამხრეთ ნაპირზე დაახლოებით 50 კილომეტრის სიგრძის რკინიგზას ვაშენებთ. ეს მარშრუტი ნახჩევანზე გაივლის, შემდეგ კი იქნება კავშირი თურქეთის სარკინიგზო სისტემასთან – როგორც თურქულმა მხარემ გვაცნობა, ყარსი-ნახჩევანის რკინიგზის მშენებლობა იგეგმება. ამრიგად, ეს იქნება შუა დერეფნის კიდევ ერთი გაფართოება - ერთი გადის საქართველოდან ყარსის და ხმელთაშუა ზღვის პორტებისკენ, მეორე – ზანგილანის, ირანის, ნახიჩევანის და ისევ თურქეთის გავლით. ეს ზრდის ფიზიკურ შესაძლებლობებს, მაგრამ ეს გზა კომერციულად უფრო მიმზიდველი უნდა გავხადოთ. ამისთვის ჩვენ უკვე შევქმენით თანამშრომლობის ძალიან ეფექტური ფორმატი აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთსა და თურქეთს შორის“,– თქვა ალიევმა.

მანამდე ეკონომიკის სამინისტროში bm.ge-ს განუცხადეს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.

გამოცემის ცნობით, სამინისტროდან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ დღეისათვის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების 90% შესრულებულია და აზერბაიჯანის გამოყოფილი საკრედიტო ხაზიდან 756 მლნ დოლარია ათვისებული.

პროექტის დასრულება 2024 წელს იგეგმება, რის შემდეგაც მარაბდა-კარწახის სარკინიგზო უბანი ექსპლოატაციაში გაეშვება.

„სამშენებლო სამუშაოების დასრულების და მონაკვეთის ექსპლოატაციაში შესვლამდე შეიქმნება ქართულ-აზერბაიჯანული ერთობლივი საწარმო, როგორც ეს არის გათვალისწინებული ჩვენს ქვეყნებს შორის დადებული საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულების მიხედვით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის დაწყებულია შესაბამისი იურიდიული პროცედურები“, - ნათქვამია დოკუმენტში, სადაც აღნიშნულია, რომ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზზე შესაძლებელი იქნება წელიწადში 5 მლნ ტონა ტვირთის გატარება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მიულოცა უზბეკეთს, ყირგიზეთს და ჩინეთს რკინიგზის ამოქმედება:

„ვიცი, რომ ეს პროექტი მრავალი წლის განმავლობაში განიხილებოდა და ახლა მისი დაწყება ოფიციალურად გამოცხადდა. რა თქმა უნდა, ეს იქნება დიდი წვლილი შუა დერეფანში და ჩვენთვის ძალიან მიმზიდველი იქნება, რადგან მოძრაობის მარშრუტი კასპიის ზღვისკენ არის მიმართული. ახლაც, ამ რკინიგზის გარეშე, უზბეკური კომპანიებისთვის ტრანსკასპიური მარშრუტით სარგებლობის შესაძლებლობა არსებობს. და ისინი იყენებენ მას, თუმცა მცირე რაოდენობით. მაგრამ ვფიქრობ ახლა, როცა აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაციის საკითხებზე, ასევე ერთიან სატარიფო პოლიტიკაზე, მარშრუტი უფრო მიმზიდველი იქნება. მარშრუტი, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მიმზიდველია დროის თვალსაზრისით, მაგრამ არ არის კონკურენტუნარიანი საზღვაო მარშრუტთან შედარებით, რაც აშკარაა. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, გავხადოთ ის უფრო მიმზიდველი კომერციული თვალსაზრისით. და ეს მოითხოვს, რა თქმა უნდა, ერთობლივ პოლიტიკას ტარიფებზე, დიგიტალიზაციაზე, რათა ტვირთის გამგზავნებმა შეძლონ თავიანთი ტვირთის გადაადგილების მონიტორინგი და არა მხოლოდ ეს. ეს ასევე მოიცავს ფიზიკურ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S