Accentnews.ge
ლაშა დარსალია: "ჟენევის მოლაპარაკებებზე თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხზე აბსოლუტურად არაკონსტუქციული მიდგომა დაფიქსირდა რუსეთის მხრიდან"

ლაშა დარსალია: "ჟენევის მოლაპარაკებებზე თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხზე აბსოლუტურად არაკონსტუქციული მიდგომა დაფიქსირდა რუსეთის მხრიდან"

06/12/2023 17:56:16 კონფლიქტები

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდზე, ქართულმა მხარემ მათ შორის საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხი დააყენა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა.

მისი თქმით, "რუსეთის ფედერაციისგან არცერთ საკითხზე არ ჩანს მზაობა, რომ ისაუბრონ".

„ექვსპუნქტიანი შეთანხმების არცერთ პუნქტზე, სამწუხაროდ, პროგრესი არ ფიქსირდება. როგორც ყოველთვის, როგორც კი საკითხი მიდის დევნილთა დაბრუნების თემაზე და იწყება საუბარი, რუსეთის ფედერაცია ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას. ამ რაუნდზეც იგივე ვითარება გვქონდა. ამას ემატება ის მძიმე ფონი, რომელიც ჩვენ გვაქვს. პირველ რიგში, ვგულისხმობ თამაზ გინტურის მკვლელობას. აღნიშნულ საკითხზეც აბსოლუტურად არაკონსტუქციული მიდგომა დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. ყოველ წელს ჩვენ რამდენიმე შემთხვევა გვაქვს, როდესაც ძალის გამოყენება ხდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. სამწუხაროდ, წელს ეს მკვლელობით დასრულდა. რუსეთის ფედერაცია ყოველთვის იყენებს ასეთ საკითხებს შანტაჟისა და ზეწოლისთვის, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს ე.წ. საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ ხისტი მიდგომა აქვს რუსეთის ფედერაციას და რამდენად არ წარმოადგენს მისთვის არანაირ მნიშვნელობას ადამიანების ბედი“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ლაშა დარსალიამ.

ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით ჟენევაში იმყოფება, სადაც ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი მიმდინარეობს.

ცნობისთვის: 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მას ორი ტყვია ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S