Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

06/12/2023 15:03:36 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობები, რეგიონში მიმდინარე მოვლენები და მომავლის გეგმები.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მირჩა ჯოანას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პროგრესის მიღწევას.

საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი.

მოგვიანებით, მედიასთან საუბარისას შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ნატო–ს მომავალი წლის ვაშინგტონის სამიტი, იმ თვალსაზრისით, რომ „მკაფიო მხარდაჭერა იყოს საქართველოს გაწევრიანების და ასევე საქართველოს მიმართ დახმარების“.

მისივე თქმით, "საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ხარისხი არის ნატო–ს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი ისევე, როგორც უმაღლეს დონეზეა თავსებადობა სამხედრო თვალსაზრისით. ეს საკმარისი პირობაა, რათა საქართველო ნატო–ს წევრი გახდეს".

„ჩვენი სურვილია, რომ მკაფიო მიდგომები გვქონდეს ნატოს მხრიდან საქართველოს გაწევრიანების გზაზე. საქართველო უკვე დიდი ხანია იქცევა, როგორც ნატოს მოკავშირე წევრი ქვეყანა. ჩვენი ქცევითა და ჩვენი კონტრიბუციით უსაფრთხოების საკითხებში დიდი ხანია ისე ვიქცევით, როგორც ალიანსის წევრი. ამავე დროს, ნატოსთან ჩვენი თავსებადობა სამხედრო ძალების უმაღლეს დონეზეა. ჩვენს სამხედრო კონტინენტს ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობა მიღებული აქვს მისიებში და ა.შ. ამით თავსებადობაც უზრუნველყოფილია. თუ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები შედარდება ნატოს წევრ ქვეყნებთან, ეს არის შესაბამის სტანდარტზე, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს. უკვე დიდი ხანია ყველა ამ პარამეტრით საქართველო მზად არის იმისთვის, რომ ნატომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და საჭიროა ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო–ს მხრიდან. რაც შეეხება უშუალო საკითხებს, ეს აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, "რუსეთის ოკუპაციის პირობებში, მაშინ, როცა ქვეყანას არ იცავს ევროკავშირის და ნატო–ს ქოლგა, საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ".

„ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ ისე, რომ არ გვიცავს არც ნატოს ატომური ქოლგა, არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა და ამავე დროს რუსეთს ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებული აქვს. ამ გამოწვევების მიუხედავად, ამ გარემოში სრულად სოლიდარული ვართ უკრაინის მიმართ და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით შეხედონ საქართველოს და ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომ ამ სოლიდარობის ფონზე პასუხისმგებელი ვართ ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რომ უსაფრთხოების გარემო არ გაუარესდეს და არ გავრისკოთ სამხედრო კონფრონტაცია რუსეთთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ნატო–ს შტაბბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

ნატო–ს გაცხადებული პოლიტიკით, საქართველოსთვის ნატოს კარი ღია დარჩება, თუმცა „საქართველო ალიანსის წევრი გახდება გაწევრიანების სამოქმედო პროგრამით (MAP), რაც პროცესის თანმიმდევრული ნაწილია”. MAP-ის მისაღებად საქართველოს კვლავ რეფორმებს სთხოვენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S