
თურნავა: ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი გვაძლევს საშუალებას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთები შევამციროთ, რაც საბოლოო ჯამში, ლარის რესურსზე აისახება
06/12/2023 10:56:52 ეკონომიკა
დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი გვაძლევს საშუალებას მონეტარული პოლიტიკა ეტაპობრივად შევამსუბუქოთ და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთები შევამციროთ, რაც საბოლოო ჯამში, ლარის რესურსზე აისახება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დედოლარიზაციასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პოლიტიკა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თანმიმდევრულად გრძელდება და დოლარიზაციის დონე როგორც სესხების, ასევე დეპოზიტების თვალსაზრისით 20%-ით და მეტით შემცირდა.
"2024 წლის ბოლოს მიზნობრივი ინფლაცია დაუახლოვდება და დაკონცენტრირდება 3%-იანი ნიშნულის ირგვლივ. ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი გვაძლევს საშუალებას მონეტარული პოლიტიკა ეტაპობრივად შევამსუბუქოთ და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთები შევამციროთ, რაც საბოლოო ჯამში, ლარის რესურსზე აისახება - ლარის სესხების საპროცენტო განაკვეთიც ნელ-ნელა მცირდება. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ცვლადგანაკვეთიანი სესხების მიმღები ადამიანებისა და ბიზნესებისთვის, ასევე ერთიანგანაკვეთიანი სესხების მსესხებლებისთვის. ეს შესაძლებელია მხოლოდ დაბალი ინფლაციის პერიოდში და ყველა თანაბარ პირობაში, რადგან ბევრი რისკი არსებობს. ძირითადი რისკი ეს არის გეოპოლიტიკური გაურკვევლობა, რა ვითარებაც რეგიონში ნარჩუნდება. ეს დაკავშირებულია როგორც რუსეთ-უკრაინის ომთან, ასევე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციასთან. კიდევ ერთი ნეგატიური ფაქტორი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობები, რაც შეეხება გლობალურად გამყარებულ დოლარსა და ევროს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.