Accentnews.ge
თურნავა – საგამონაკლისო წესზე: “დადგენილებას არ გავაუქმებ”

თურნავა – საგამონაკლისო წესზე: “დადგენილებას არ გავაუქმებ”

06/12/2023 10:41:10 ეკონომიკა

“დადგენილებას არ გავაუქმებ”, – ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ კითხვას, "აპირებს თუ არა ეროვნული ბანკი იმ საგამონაკლისო დადგენილების გაუქმებას, რომლის მიღების შემდეგაც ოთარ ფარცხალაძემ საერთაშორისო სანქციები თავიდან აირიდა".

როგორც მან პარლამენტში მიმდინარე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის დაწყების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის გაუქმების გადაწყვეტილება აღნიშნული საგამონაკლისო წესის შემოღებამდე რამდენიმე თვით ადრე მიიღო და მის აღდგენასთან დადგენილებას საერთო არაფერი აქვს.

საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე ნათია თურნავამ პარლამენტში გამართულ სხდომაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი საერთაშორისო სანქციების აღსრულებას მიყვება და ეს მიმართულება გაკონტროლებულია.

“საქართველო საერთაშორისო სანქციებისთვის თავის არიდების სივრცედ არასდროს იქცევა. ჩვენი საფინანსო სისტემა სრულად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს და არც ერთი დადასტურებული ფაქტი, სანქციების დარღვევისა, არ დაფიქსირებულა. ამ მიმართულებით ჩვენს საფინანსო სისტემას ვაკონტროლებთ. არის თუ არა სანქციების აღსრულების წესის ადგილობრივ კანონმდებლობასთან დაახლოება და შესაბამისობაში მოყვანა დამატებითი რისკების შემქმნელი?! არა, პირიქით, რაც უფრო თანხვედრაში იქნება საერთაშორისო პრაქტიკა და ვალდებულებების აღსრულება ადგილობრივ კანონმდებლობასთან, მით უფრო ნაკლებია რისკები სანქციების აღსრულების პროცესში. ჩვენი საფინანსო სისტემა საერთაშორისო სანქციებს ასრულებს”, - აცხადებს ნათია თურნავა.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის საკითხს, სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაშიც, სანქციების დარღვევის დადასტურებული ფაქტი არ მომხდარა:

“არარეზიდენტთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების წესი ცნობილია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, განცხადებებს ვერ გავაკეთებ, რადგან არსებობს საბანკო კონფიდენციალურობა. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ არანაირი სანქციებისთვის თავის არიდება და დარღვევის ფაქტი არ მომხდარა, ამის არანაირი დასტური არ არსებობს და დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია”.

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა "საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის" საპასუხოდ. აღნიშნულის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგამონაკლისო წესი დაუშვა, რომლის თანახმად, კომერციულ ბანკებს ფარცხალაძეზე სანქციების გავრცელების ვალდებულება აღარ ეკისრებოდათ. სებ–ის ხსენებული გადაწყვეტილების გამო საქართველოს ეროვნული ბანკი სამივე ვიცე-პრეზიდენტმა (პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ) დატოვა. სებ-იდან წავიდა პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძეც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S