
კადიროვის შვილები დუბაიში, კლიმატის სამიტში რუსული დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობენ
06/12/2023 10:30:48 კავკასია
ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის შვილები რუსეთის სამთავრობო დელეგაციის სიით მოხვდნენ გაერო–ს კლიმატის ცვლილებების 28–ე სამიტზე, რომელიც დუბაიში 30 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე გაიმართება. ამას ყურადღება გამოცემა "მედუზამ" მიაქცია.
საუბარია 18 წლის ახმატზე და 23 წლის ხადიჯათ კადიროვებზე. სამიტში მისი მონაწილეობის შესახებ ასევე ისაუბრა ჩეჩნურმა გამოცემებმა და გროზნოს სკოლამდელი განათლების განყოფილებამ, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ხადიჯატი გეგმავს ორმხრივ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს სხვადასხვა პანელზე. დელეგაციაში ასევე შევიდა მისი მეუღლე ადამ ალხანოვი, რომელიც ოქტომბერში რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ქალიშვილი უკვე შეხვდა პალესტინის გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს ნისრინ ტამიმს და სირიის გარემოს დაცვის მინისტრს ჰუსეინ მახლუფს, აღნიშნავს გამოცემა. მან ისაუბრა "ჰუმანიტარული მუშაობის მნიშვნელობაზე".
ახმატ კადიროვი დარეგისტრირებულია სამიტის მონაწილეთა სიაში, როგორც „რუსული სოციალური და სახელმწიფო მოძრაობის რეგიონალური ფილიალის საბჭოს თავმჯდომარე“.
2023 წლის დასაწყისიდან, რამზან კადიროვის მძიმე ავადმყოფობის შესახებ ხმების გავრცელების შემდეგ, მისი შვილები უფრო აქტიურად ჩანან სხვადასხვა ღონისძიებებზე.
ოფიციალურად რამზან კადიროვს 14 შვილი ჰყავს. სკოლის კედლების დატოვებისთანავე ბევრი მათგანი მაღალ თანამდებობაზე ინიშნება.
საჯარო სამსახურში თანამდებობებს იკავებენ კადიროვის შვილები, მისი დები, სიძეები, ძმისშვილები და სხვა ნათესავები.