რუსეთი საქართველოს "მეგობრული ქვეყნების" სიაში შეყვანას უპირებს, იქვე არიან ქვეყნების სტატუსით აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი"
06/12/2023 08:52:20 პოლიტიკა
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც ფინანსურ შეღავათებს ითვალისწინებს დსთ-ის რიგ ქვეყნებთან მომუშავე ტუროპერატორებისთვის. საუბარია, კერძოდ, სარეზერვო ფონდში მინიმალური შენატანისა და დაზღვევის ოდენობის შემცირებაზე.
დოკუმენტი სახელმწიფო სათათბიროს ელექტრონულ ბაზაშია გამოქვეყნებული, - იუწყება "Парламентская газета".
გამოცემის ცნობით, დსთ-ის ქვეყნების შესახებ ფორმულირება განმარტებით ბარათშია მოყვანილი, თავად კანონპროექტის ტექსტში კი ნათქვამია, რომ ქვეყნების ჩამონათვალი მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.
ამასთან, ტურისტული პორტალები TourDom.ru და Profi.Travel ირწმუნებიან, რომ "მეგობრული" ქვეყნების სია უკვე შეთანხმებულია რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან და მასში, კერძოდ, შედიან ბელარუსი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, მათთან ერთად საქართველოც, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონები - აფხაზეთი და ე.წ. "სამხრეთ ოსეთი".
ცოტა ხნის წინ Profi.Travel-ის რედაქციამ გამოაქვეყნა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის - სერგეი ნაზაროვის პასუხი ფედერაციის საბჭოს მიმართვაზე, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო:
"დასახული ამოცანისა და დსთ-ის ქვეყნებთან მაღალი ლოჯისტიკური და ეკონომიკური ბმის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ ცვლილებების შეტანას "რუსეთის ფედერაციაში ტურისტული საქმიანობის საფუძვლების შესახებ" 1996 წლის 24 ნოემბრის № 132-ФЗ ფედერალური კანონის იმ ნაწილში, რომელიც ეხება ტუროპერატორებისთვის ფინანსური უზრუნველყოფის შემცირებას გასვლითი ტურიზმის სფეროში მათ მიერ ტურისტული პროდუქტის არა მარტო ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში, არამედ დსთ-ის წევრ სახელმწიფოებში, ასევე აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს რესპუბლიკებში რეალიზების შემთხვევაში <...> მხარს ვუჭერთ ტუროპერატორების პასუხისმგებლობის ფინანსური უზრუნველყოფის შემცირებას 50 მლნ რუბლიდან 500 ათას რუბლამდე".
საკანონმდებლო ცვლილებები სავარაუდოდ, 2024 წლის 1 აპრილიდან შევა ძალაში.


