
7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი კიევს ეწვევა
04/12/2023 13:16:39 საზოგადოება
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კიევს ეწვევა.
"7-8 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით კიევში (უკრაინაში) შეხვედრას გამართავს უკრაინის საპარლამენტო ომბუდსმენთან დმიტრო ლუბინეცთან. ასევე, მონაწილეობას მიიღებს კიევში გამართულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მაღალი დონის კონფერენციაში, რომელზეც უკრაინასა და ევროპაში მიმდინარე მოვლენებს, უკრაინა-რუსეთის ომის შედეგების აღმოსაფხვრელად გასატარებელ ღონისძიებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. კონფერენცია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება", – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისივე ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი ვარშავაში (პოლონეთში) შეხვდება ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს:
"შეხვედრებზე განიხილავენ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას და ისაუბრებენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ეუთო/ოდირს შორის მჭიდრო და მრავალმხრივ თანამშრომლობის საკითხებს".