
სკოლის დირექტორობის კონკურსის მონაწილეები განათლების მინისტრს შეხვდნენ: "თუ ვერ მივიღებთ პასუხს, აქცია გაგრძელდება შიმშილით"
04/12/2023 11:32:28 პოლიტიკა, საზოგადოება
განათლების სამინისტროსთან მჯდომარე პროტესტის მონაწილე პედაგოგები მაია ეკალაძე და დავით ფერაძე განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარსა და მინისტრის მოადგილეებს შეხვდნენ.
შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ დირექტორთა კონკურსის მონაწილემ მაია ეკალაძემ განაცხადა, რომ პროტესტი გრძელდება, რადგან მათ ვერ მიიღეს პასუხი „კონკრეტული დანაშაულის“ შესახებ, რომელიც დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს შეეხებოდა.
"არ მივიღეთ ჩვენ პასუხი, ფაქტობრივად, კონკრეტული დანაშაულის შესახებ. არ უნდათ აღიარება იმისა, რომ გასაუბრებაზე ხდებოდა დანაშაული. მოთხოვნა არის, აღიარონ დანაშაული კონკრეტულად ჩვენ წინაშე, ჩვენი დისკრიმინაცია არ არის სწორი. სამუშაო დღის დასრულებამდე დაველოდები და მერე ჩვენ არ გავალთ არსად. გაგრძელდება შიმშილით აქცია, თუ ვერ მივიღებთ პასუხს",- ამბობს ეკალაძე.
მაია ეკალაძე ივნისიდან აპროტესტებს დირექტორთა სერტიფიცირების შედეგებს. მისი თქმით, მას უსამართლოდ ეთქვა უარი დირექტორის სერტიფიკატზე. სამინისტროს გადაწყვეტილება სასამართლოშიც გაასაჩივრა და გასაუბრების ხელახალ ჩატარებას ითხოვს.
მასთან ერთად სასამართლოში გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და ხელახალ ჩატარებას კონკურსის 26 მონაწილე ითხოვს. მათ ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები” იცავს.